ბრიტანეთის პოლიციამ სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილები გამოავლინა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილები გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.
არსებული ცნობებით, სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში რამდენიმე რუსი მონაწილეობდა და ამჟამად მიმდინარეობს ერთზე მეტი ეჭვმიტანილის ძებნა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ გამოყენებით ორი პირის მოწამვლაში ეჭვმიტანილები პოლიციამ ვიდეოსათვალთვალო სისტემის დახმარებით გამოავლინა.
სერგეი და იულია სკრიპალები მარტის დასაწყისში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. 18 მაისს ცნობილი გახდა, რომ სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს, მისმა შვილმა იულიამ საავადმყოფო მანამდე, 9 აპრილს დატოვა.
ივლისის დასაწყისში კი სოლსბერის მახლობლად, ქალაქ ეიმსბერიში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ახალი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოწამლული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისი მეგობარი კაცი კი გადარჩა.