Sunday Mirror - სკრიპალების მოწამვლაში ორი რუსული ჯგუფი მონაწილეობდა
Sunday Mirror - სკრიპალების მოწამვლაში ორი რუსული ჯგუფი მონაწილეობდა

ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ორი რუსული ჯგუფი მონაწილეობდა, – ამის შესახებ ბრიტანული Sunday Mirror-ი წერს.

როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ერთ-ერთი ჯგუფის წევრებმა ნერვულ-პარალიტიკური შხამი „ნოვიჩოკი“ დიდ ბრიტანეთში, სკრიპალების მოწამვლამდე გაცილებით ადრე ჩაიტანეს.

როგორც Mirror-ი წერს, საბოლოო ჯამში, რუსული ჯგუფების ოპერაციამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დონ სტერჯესის გარდაცვალება გამოიწვია, რომელმაც „ნოვიჩიკით“ სავსე ფლაკონი იპოვა, რომელიც სუნამოს ჰგავდა.

გამოძიების ცნობით, დაქირავებულმა მკვლელებმა „ნოვიჩოკი“ სწორედ სუნამოს ფლაკონით ჩაიტანეს. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ ნერვულ-პარალიტიკური შხამი შესაძლოა, კიდევ რჩებოდეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

მანამდე, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ სკოტლანდ იარდმა უკვე დაადგინა სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებული ორი პირის ვინაობა.

ამას გარდა, ჟურნალისტებმა შეიტყეს, რომ სკრიპალები სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვის ექვსმა ოფიცერმა მოწამლა, მათ შორის ერთი ქალი იყო.