ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსიტის“ საბოლოო შეთანხმებაზე გავლენის მოხდენის უფლება დაიბრუნა
ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსიტის“ საბოლოო შეთანხმებაზე გავლენის მოხდენის უფლება დაიბრუნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მთავრობა პარლამენტში დამარცხდა. კანონმდებლებმა „ბრექსიტის“ საბოლოო შეთანხმების პირობებზე გავლენის მოხდენის უფლება დაიბრუნეს. მინისტრების შეფასებით, ამან შესაძლოა, ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესს საფრთხე შეუქმნას.

მეიმ, რომელსაც 650-წევრიან პარლამენტში უკვე დაკარგული ჰქონდა უმრავლესობა, ამჯერად 309 ხმით 305-ის წინააღმდეგ მარცხი განიცადა.

ოთხშაბათს პარლამენტში ხმის მიცემის საკითხი კანონმდებლებისთვის „მნიშვნელოვანი ხმის“ ქონის გარანტია იყო. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტარებს უნდა ჰქონდეთ გავლენის მოხდენის საშუალება ნებისმიერი საკითხის ფინალურ ვერსიად შემუშავებამდე, სანამ ის კანონად იქცევა.

კონსერვატორული პარტიის 11 წევრი თანაპარტიელებსა და მთავრობას დაუპირისპირდა და ხმის მიცემაში ოპოზიციის მხარი დაიჭირა. მათგან რვა ყოფილი მინისტრია. მათი თქმით, პარლამენტში ყველას აზრი გასათვალისწინებელი უნდა იყოს.

„დღეს ჩვენ ქვეყანასა და კონსტიტუციას პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვაყენებთ“, – განაცხადეს პარლამენტარებმა.

გამარჯვების შემდეგ კი ერთ-ერთმა ყოფილმა მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „დღეს პარლამენტმა ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესზე კონტროლი აიღო“. ამის გამო, მთავრობაში განდგომილ კონსერვატორებს „მოღალატეები“ უწოდეს.

ტერეზა მეისთვის ეს პოლიტიკურად არახელსაყრელი გარემოებაა. ის 27 ქვეყნის ლიდერებს „ბრექსიტის“ მეორე ფაზის განსახილველად საკუთარი ქვეყნის პარლამენტში განცდილი მარცხის ფონზე უნდა შეხვდეს.

ევროპარლამენტში მომხდარს დადებითად აფასებენ.

„ბრიტანეთის პარლამენტმა კონტროლი დაიბრუნა. ევროპელი და ბრიტანელი კანონმდებლები ერთად გადაწყვეტენ საბოლოო შეთანხმების პირობებს. მოქალაქეების ინტერესები დაძლევს ვიწრო პარტიულ ინტერესებს. წარმატებული დღე დემოკრატიისთვის“, – ასე გამოეხმაურნენ ევროპელი კანონმდებლები ბრიტანელი პარლამენტარების გამარჯვებას.

გეგმის მიხედვით, ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს. მიმდინარე მოლაპარაკებები კი სამომავლო ურთიერთობის ფორმატს ეხება. ევროკავშირიდან გამოსვლის კანონპროექტი ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიის მთავარი ნაწილია.

მანამდე ევროპარლამენტმა ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლაზე დაწყებული მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასვლას დაუჭირა მხარი. „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ფაზა 8 დეკემბერს დასრულდა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ 15-გვერდიან ანგარიშს მოაწერეს ხელი. დოკუმენტში დადასტურებულია, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს „ბრექსიტის“ შემდეგ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების საკითხზე, ასევე, გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ ვალდებულებებზე.

მოლაპარაკებების პირველი ფაზის ერთ-ერთი სადავო საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარს უკავშირდება. ევროკავშირს ე.წ მკაცრი საზღვრის პრინციპი არ მოსწონს, ტერეზა მეის მოკავშირეები კი ჩრდილოეთ ირლანდიისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგნი არიან. ეს პროცესი 2018 წლის დასასრულამდე უნდა გაგრძელდეს. შემდეგ მხარეებს ექვსი თვე ექნებათ, რათა შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინონ.