ბრიტანელი პარლამენტარი - ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველოს სწრაფვის მხარდაჭერას ბრიტანეთი​ ბრექსიტის შემდეგაც გააგრძელებს
ბრიტანელი პარლამენტარი - ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველოს სწრაფვის მხარდაჭერას ბრიტანეთი​ ბრექსიტის შემდეგაც გააგრძელებს

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი მარკ პრიჩარდი აცხადებს, რომ ბრიტანეთი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ბრექსიტის აღსრულების შემდეგაც არ შეწყვეტს. ბრიტანელი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკა მეტად მოქნილი ექნება.

„ვფიქრობ, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ჩვენ უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა, თავდაცვის სისტემა და ეკონომიკა გვექნება. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას. ვაპირებთ მჭიდრო კავშირი გვქონდეს ევროპულ სახელმწიფოებთან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ნატო-ს ასპირანტ სახელმწიფოებთანაც, როგორიც არის საქართველო“, – განაცხადა მარკ პრიჩარდმა პირველ არხთან ინტერვიუში.

მარკ პრიჩარდი მიიჩნევს, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის აღსრულების ვადა 30 ივნისამდე უნდა გადაიდოს. მისი თქმით, ხელმეორე რეფერენდუმი არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

„გაერთიანებულმა სამეფომ უნდა დაიცვას მისი საზღვრები, მისი ბიუჯეტი და მისი სუვერენიტეტი. ეს ისაა, რაც ყველა ქვეყანას ევალება საკუთარი მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა მარკ პრიჩარდმა.

ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ევროკავშირის წევრ ქვეყანას გაერთიანებიდან გასვლის უფლებას ანიჭებს, თუმცა ზემოთ ხსენებული მუხლი ჯერჯერობით არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს აქამდე არ გამოუყენებია. მას შემდეგ, რაც თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისა და ევროკავშირის ერთობლივი დოკუმენტი ბრექსიტის შესახებ დაბლოკა, საბოლოო ვერდიქტი ბრექსიტის გადავადებასთან დაკავშირებით 22 მარტს ბრიუსელში უნდა გამოიტანონ.

დღევანდელი მონაცემებით, ბრექსიტს თან სდევს არაერთი პროცესი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და ევროგაერთიანებაში აზრთა სხვაობას იწვევს. ესენია ევროკავშირის მოქალაქეების გრძელვადიანი დარჩენის პრობლემური საკითხი გაერთიანებულ სამეფოში, ერთიანი ევროპული ბაზრისა და საბაჟო კავშირის დატოვება, გამოსვლა ლუქსემბურგის ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან და ღიად დარჩენილი საზღვრის საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის.