თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა
თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი გახსნა, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება.

სახელმწიფო მინისტრმა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან, ასევე თბილისის არაქართულენოვანი სკოლებიდან, სემინარის მონაწილე პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნისთვის მომავალი თაობის ღირსეულ აღზრდაში მათ განუზომელ როლს გაუსვა ხაზი.

სახელმწიფო მინისტრმა პედაგოგებს გააცნო აპარატის საქმიანობის ორივე – როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებაში მასწავლებლების ჩართულობა ერთ-ერთ აუცილებელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კონტექსტში დასახულ მიზნებთან მიმართებით, თეა ახვლედიანმა პედაგოგებთან ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა განიხილა.

„პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს პედაგოგებს მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე, განსაკუთრებულად კი, ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მონაწილე მასწავლებლებს, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან. მათი მისია პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მეტია, რადგან იმ ღირებულებათა ფორმირება, რომელიც შეესაბამება ჩვენის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რომელთაც ისინი ახალგაზრდა თაობაში აყალიბებენ ნამდვილად დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, მათ შორის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განსახორციელებლად. საქართველოს ევროპული პერსპექტივა სწორედ ახალგაზრდა თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება. შესაბამისად, დღევანდელ სემინარში მონაწილეობა და ზოგადად ამ ღონისძიებების გამართვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ პედაგოგები გაეცნონ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების პროცესს,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სემინარის მონაწილეებს სიტყვით ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მიმართეს. ორდღიან სემინარში 30-მდე მასწავლებელი მონაწილეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან, თემის ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან ოკუპაციის მუზეუმს. კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პარტნიორობით ხორციელდება, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.