54 წლის ნიკოლა ალენი დიდი ბრიტანეთიდანაა. ის 70-ზე მეტ აკრედიტებულ ჟურნალისტს შორის ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჟურნალისტია, რომელიც 2017 წლის საბავშო ევროვიზიის გასაშუქებლად საკუთარი ფოტოკამერით ჩამოვიდა.
ევროვიზიის კონკურსი მრავალი წლის წინ, პირველად, ხუთი წლის ასაკში ნახა და ამ ფესტივალზე სამუდამოდ შეყვარებული დარჩა. ფოტოგრაფიამაც სწორედ ამიტომ გაიტაცა და ყველა კონკურს წლებია საკუთარი ფოტოკამერით იღებს.
ნიკოლა ალენი თბილისში ბულგარეთისთვის უანგაროდ მუშაობს და ამბობს, რომ ამას მხოლოდ სიყვარულით აკეთებს. ბულგარეთი წელს კონკურსში არ მონაწილეობს, თუმცა მასალებს 2017 წლის ევროვიზიის სამზადისიდან საკუთარ ქვეყანაში ყოველ დღე აქვეყნებს.
წლევანდელი კონკურსის სტუმარი ნიკოლა ალენი პირველ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში პირველად მოგზაურობს. ყველაზე მეტად პატარების ციმციმა თვალების გადაღება და მათი თავგადასავლების მოსმენა უყვარს და ამიტომ არც ერთი ქვეყნის კონკურსანტის პრესკონფერენციას არ აცდენს.
“ბავშვებს საოცარი ენერგეტიკა მოაქვთ. მე 20 წელია დავდივარ და ამ ფესტივალის დღეებში თითქოს საკუთარ ბავშობაში ვბრუნდები”,- აცხადებს ნიკოლა ალენი.
ეტლით მოსარგებლე 20 წლის წინ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ გახდა. იხსენებს, რომ სამსახურის პოვნა ინგლისში მას შემდეგ ძალიან გაუჭირდა და ფოტოგრაფიც ამიტომ გახდა.
ნიკოლამ თბილისში ყოფნისას ქართული კერძები დააგემოვნა.
“დავაგემოვნე თქვენი სამზარეულო. ყველაზე გემრიელი თქვენს ტრადიციულ ქართულ სუფრაზე მგონი ხაჭაპური და ხინკალია. მინდა, დიდი ჩემოდანი მქონდეს და თქვენი ტკბილი და შუშხუნა ქართული ლიმონათის ბოთლების თან წაღება შემეძლოს. მითხრეს, რომ თქვენ ძალიან გემრიელ და არომატულ ღვინოს წურავთ და სწორედ ამიტომ როგორც კი ევროვიზიის ფესტივალი დასრულდება, კახეთისკენ გავემგზავრები და ქართულ ღვინოს სწორედ იქ დავაგემოვნებ. რამდენიმე დღეს აუცილებლად თქვენს დედაქალაქშიც გავატარებ და ძველ ქალაქს დავათვალიერებ. არც ერთი საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გამოტოვებას არ ვაპირებ და ამიტომ 2018 წელს აუცილებლად შევხვდებით ბელორუსშიც”,- ამბობს ალენი.