ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ, საქართველოში ერთ კვირაში დაბრუნდებიან
ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ, საქართველოში ერთ კვირაში დაბრუნდებიან.
ექსპერტები დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოში საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარის მოთხოვნით ჩამოვიდნენ. საქმეში ორი ბრალდებულია და ორივეს ადვოკატები ალტერნატიულ ექსპერტიზას ატარებენ, ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარე ბრიტანელი ექსპერტების დახმარებით, ხოლო მეორე დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ჩართულობით. ადვოკატებს შორის ნივთიერი მტკიცებულებების შესწავლასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა შეიქმნა. დღეს კი გაირკვა, რომ პირველ ეტაპზე ნივთიერ მტკიცებულებებს ქართველი ექსპერტი გამოიკვლევს.
„დაახლოებით ოთხ დღეში ვაპირებ ავიღო ნივთიერი მტკიცებულებები და ჩავატარო სრული ექსპერტიზა. რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ მე ხელი შევუშალე ბრიტანელ ექსპერტებს, სწორი არ არის. ერთდერთი, სხდომის გადადება ვითხოვე, რადგან დასკვნა დიდი იყო და შესწავლა მესაჭიროებოდა. ხელი არავისთვის შემიშლია ნივთიერი მტკიცებულებების წაღებაში. დაახლოებით 10 დღეა გასული კომპლექსური ექსპერტიზიდან და ჩვენ მოვასწრებთ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ.
მისი თქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გამოსაკვლევად ორი დღეა საჭირო.
მეორე ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით კი, ბრიტანელი ექსპერტები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და მუშაობას განაგრძობენ.
„დარწმუნებული ვართ, უტყუარ დასკვნას დადებენ. ექსპერტები ერთ კვირაში აქ იქნებიან, როდესაც ნივთიერი მტკიცებულებები გადაეცემათ, დაახლოებით ოთხ დღეში დასკვნას დადებენ. ესაა ჩვენი მოლოდინი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დასკვნა პირველ ინსტანციაში წარმოვადგინოთ. თუ ეს ვერ მოხერხდა და ამის საშიშროებაც არის, მაშინ იძულებული ვიქნებით, სააპელაციოში წარვადგინოთ“, – განაცხადა კაკაბაძემ.
ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას დანაშაულის იარაღთან დაკავშირებით – ვინ და რომელი იარაღით მიაყენა კონკრეტული დაზიანებები და ვის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა არასრულწლოვანი.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.