ბრინჯაოს ხანის იარაღი ციდან ჩამოვარდნილი რკინისგან არის დამზადებული — #1tvმეცნიერება
ბრინჯაოს ხანის იარაღი ციდან ჩამოვარდნილი რკინისგან არის დამზადებული — #1tvმეცნიერება

მე-19 საუკუნეში შვეიცარიაში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ისრის პირი სრულიად მოულოდნელი მასალისგან არის დამზადებული.

ეს ციცქნა არტეფაქტი დამზადებულია რკინისგან, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი ობიექტისგან მიიღეს. თუმცა, არის ერთი უცნაურობა. ეს მეტეორიტი არცერთ ახლომახლო დასახლებასთან არ ჩამოვარდნილა. მეცნიერთა ჯგუფის აზრით, ის სავარაუდოდ ესტონეთიდან არის მოტანილი.

შესაბამისად, ეს ისრის პირი არა მხოლოდ ციდან ჩამოვარდნილი რკინის გამოყენების ჩანაწერს წარმოადგენს იმ პერიოდში, როცა ადამიანებმა მადნიდან რკინის მიღება ჯერ არ იცოდნენ, არამედ ფართო სავაჭრო ქსელებისასაც, რომელიც ათასობით წლის წინ უნდა არსებულიყო.

ობიექტის იდენტიფიცირება უძველესი მეტეორიტული რკინის არტეფაქტების შეთანხმებული ძებნის პროგრამაში მოხდა, რომელსაც ბერნის ბუნების ისტორიის მუზეუმისა და ბერნის უნივერსიტეტის გეოლოგი ბედა ჰოფმანი ხელმძღვანელობდა. პრეისტორიულ ეპოქაში სუფთა რკინა იშვიათობა იყო, მაგრამ ჩვენი წინაპრები ყველა ხელმისაწვდომი რესურსით სარგებლობდნენ: რკინით, რომელიც ციდან ცვივა, მეტეორიტების სახით.

ყველაზე ხშირად სწორედ რკინის მეტეორიტები გვხვდება, რადგან ისინი უკეთესად უძლებენ სტრესს ატმოსფეროში შემოსვლისას. ძირითადად, ისინი შედგება რკინისგან, მცირე ოდენობით ნიკელისა და კიდევ უფრო მცირე ოდენობით სხვა ლითონებისგან. მიჩნეულია, რომ ბრინჯაოს ხანის თითქმის ყველა რკინის ხელსაწყო და იარაღი მეტეორიტული რკინისგან არის დამზადებული.

ასეთ არტეფაქტთა უმეტესობა აღმოჩენილია ახლო აღმოსავლეთში, ეგვიპტესა და აზიაში; მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით ევროპაში.

თანამედროვე შვეიცარიაში მდებარე დასახლება მიორიგენი მათ საძებნელად ბრწყინვალე ადგილია. ის ბრინჯაოს ხანაში ყვაოდა, ძვ. წ. 800-900 წლებში; ახლოს იყო ტვანბერგის ველთან, რომელზეც მრავალი ათასწლეულის წინ, ბოლო გამყინვარებამდე ციდან ჩამოვარდნილი რკინის მეტეორიტი ფრაგმენტები იყო მიმოფანტული.

მართლაც, ამ ძეგლზე წარსულში აღმოჩენილ ობიექტთა შორის, ჰოფმანმა და მისმა კოლეგებმა ერთი რკინის ისრისპირიც იპოვეს. მისი სიგრძე 39,3 მილიმეტრია და 2,904 გრამს იწონის. აქვს ორგანული ნარჩენების კვალი, რომლითაც მკვლევართა აზრით, ისრისპირის მისამაგრებელ არყის ხის ტარს ეკუთვნის. ამას გარდა, მისი შემადგენლობა არამიწიერია.

ობიექტის რკინასა და ნიკელს აღენიშნება შემადგენლობა, რომელიც მეტეორიტული რკინისთვის არის დამახასიათებელი; ასევე შეიცავს ალუმინის იზოტოპ ალუმინ-26-ს, რომელიც მხოლოდ კოსმოსში, ვარსკვლავებში წარმოიქმნება.

სწორედ აქ იწყება საინტერესო ამბავი. ისრისპირში ლითონების კონკრეტული ნაზავი არ ემთხვევა ტვანბერგის ველზე აღმოჩენილი მეტეორიტული რკინისას. როგორც ჩანს, ის რკინის მეტეორიტთა კონკრეტულ კლასს, ე. წ. IAB მეტეორიტებს ეკუთვნის.

საბედნიეროდ, ეს მისი წარმომავლობის დადგენას აადვილებს. ევროპაში ჩამოვარდნილ ყველა IAB მეტეორიტს შორის, სამს აქვს ისეთი შემადგენლობა, რომელიც ამ ისრისპირისას ემთხვევა: ბოჰუმილიცს ჩეხეთიდან; რეტუერტე-დე-ბალაკს ესპანეთიდან; და კაალიჯარვს ესტონეთიდან.

მკვლევართა დასკვნით, ის საუკეთესოდ ემთხვევა კაალიჯარვს. ეს მეტეორიტი დედამიწაზე დაახლოებით ძვ. წ. 1500 წელს ჩამოვარდა და მრავალი პატარა ფრაგმენტი მიმოფანტა, რომელთაგანაც შესაძლებელი იყო ისრისპირის მსგავსი პატარა ნივთების დამზადება. თუმცა, მისი ჩამოვარდნის ადგილი მიორიგენიდან დაახლოებით 1600 კილომეტრში მდებარეობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შვეიცარიაში ის ვაჭრობის შედეგად მოხვდა, სავარაუდოდ იმავე სავაჭრო გზებით, რომლითაც ბალტიკური ქარვა ხვდებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ კაალიჯარვის დარტყმის შედეგად საკმაოდ ბევრი მეტეორიტული ნამსხვრევი წარმოიქმნა, ნამდვილად ღირს კოლექციებში ისრისპირის მსგავს ობიექტთა მოძიება, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა მშობელი მეტეორიტის იდენტიფიცირება.

„მიუხედავად იმისა, მოტანილია თუ არა კაალიჯარვიდან, ისრისპირი სავარაუდოდ სულაც არ იყო ცალკეული ობიექტი და იმ მეტეორიტული რკინისგან სავარაუდოდ სხვა ობიექტებიც რის დამზადებული, რომლებიც ევროპის არქეოლოგიურ კოლექციებში უნდა იყოს დაცული“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.