ბრექსითის შემდეგ ბრიტანეთში ცხოვრების მსურველ ევროკავშირის მოქალაქეებს ტესტის გავლა მოუწევთ
ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ბრექსითის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ცხოვრებას გადაწყვეტენ, ტესტის გავლა და მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯავიდ საჯიდმა განაცხადა.
ინფორმაციას ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC ავრცელებს.
მინისტრის განმარტებით, დიდ ბრიტანეთში ცხოვრების მსურველებს სამ მარტივ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. კერძოდ, ევროკავშირის მოქალაქეებს სთხოვენ პირადობის მოწმობის დადასტურებას, სისხლის სამართლის ბრალდებებისა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. განაცხადის ავტორების პასუხებს მთავრობის მონაცემთა ბაზაში გადაამოწმებენ.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული პროცედურის გავლა ქვეყანაში ცხოვრების მსურველ ევროკავშირის მოქალაქეებს სწრაფად შეეძლებათ. სქემა ონლაინ რეჟიმსა და მობილური აპლიკაციით იმუშავებს. გადაწყვეტილების მიღებას ორი კვირა ან ნაკლები დრო დასჭირდება. განაცხადის შეტანის ღირებულება ზრდასრულებისთვის 65 ფუნტი იქნება, ბავშვებისთვის კი – 32,50 ფუნტი.
ამასთან, განაცხადის შევსება უფასო იქნება ევროკავშირის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ ბინადრობის უფლების მისაღებად. აღნიშნული პროცედურის გავლა სავალდებულო იქნება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის, ეს კი 3,3 მილიონი ადამიანია. აპლიკაციის შევსება შვეიცარიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის მოქალაქეებსაც მოუწევთ.