„ბრექსითის“ საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრად ბინათმოწყობის ყოფილი მინისტრი დაინიშნა
„ბრექსითის“ საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრად დომინიკ რააბი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის კანცელერიაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
დომინიკ რააბი ბინათმოწყობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის რეფერენდუმის დროს ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის აქტიური მხარდამჭერი იყო.
რააბი ბრექსითის საკითხებში მინისტრის თანამდებობაზე დევიდ დევისს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა.
დევისის განმარტებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი მასსა და ტერეზა მეის შორის არსებული უთანხმოებაა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის სტრატეგიაზე მოლაპარაკებების დროს წარმოიშვა.