ბრალდებულების ადვოკატების ინფორმაციით, ნარკორეალიზების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ქვეყნის დატოვებას აპირებს
ბრალდებულების ადვოკატების და საქმის პროკურორის განცხადებით, ნარკორეალიზების საქმის მოწმემ სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ის ქვეყნის დატოვებას და სამუშაოდ საზღვარგარეთ აპირებს წასვლას.
მოწმე დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.
პროკურორის თქმით, სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში მოწმის სასამართლოზე დღეს დაკითხვა.
ბრალდებულების ადვოკატებისთვის კი გაუგებარია ბრალდების მხარემ რატომ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით ამ მოწმის დაკითხვა.
მათი თქმით, კითხვებს აჩენს ისიც, რომ ამ დროისთვის ვიდეო მასალაზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა და პირები არ დადგენილა, თუ ვინ არის ამ ვიდეო მასალაში, ხოლო ამ დროს საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იკითხება.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ამ პირს დაკავებული რვა პირიდან ხუთის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული.
ადვოკატების ინფორმაციით, ის ოფიციალურად საგამოძიებო უწყებებში არ მუშაობს და ნარკოტიკების რეალიზების საქმეზე თანამშრომლობდა ამ სტრუქტურებთან.
ადვოკატის განცხადებით მოწმეს დღევანდელ სხდომაზე რაიმე ახალი არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რაც ჩვენებაში აქვს.
პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის განცხადებით, მოწმე დეტალურად აწვდის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუ როგორ ხდებოდა რეალიზება ღამის კლუბში.
რაც შეეხება მოწმის დაკითხვის პროცედურას პროკურორის თქმით, ეს არის სტანდარტული პროცესი, როდესაც მოსამართლის დასწრებით ხდება მოწმის დაკითხვა.
ნარკოტიკების რეალიზების საქმეზე რვა პირია დაკავებული, მათ შორის კაფე „გალერის“ დაცვის სამსახურის უფროსი. სხდომა დახურულია.