ბრალდებულ გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო - ერთ რამეს გირჩევთ ყველას, აკეთეთ კეთილი საქმე, სასამართლო გადაწყვეტს თავის საქმეს
ბრალდებულ გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო - ერთ რამეს გირჩევთ ყველას, აკეთეთ კეთილი საქმე, სასამართლო გადაწყვეტს თავის საქმეს

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი მენაბდის მამა დეკანოზი შიო მენაბდე დღეს საქალაქო სასამართლოში მივიდა.

დეკანოზი მისი შვილის სასამართლო სხდომას დაესწრო.

მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს დეკანოზმა რამდენიმე რეპლიკით უპასუხა.

„ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთ რამეს გირჩევთ ყველას, რომ კეთილი საქმე აკეთოთ. სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ, კეთილი საქმე გააკეთეთ თქვენ. სასამართლო გადაწყვეტს თავის საქმეს“,- აღნიშნა დეკანოზმა შიომ.

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი მენაბდე აპრილში დააკავეს. მას პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.