ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
უნითი დოუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა. 80 წლის მოხუცი ბოტსვანის დელეგაციას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.
როგორც უნითი დოუმ აღნიშნა, საქართველოსა და ბოტსვანას დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმებას და ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.
„მნიშვნელოვანია ჩემი ჩამოსვლა ურთიერთობების გასამყარებლად. უამრავი საინტერესო ადგილი ვნახეთ, უამრავ ადამიანს შევხვდით და ეს დაგვეხმარება საქართველოს უკეთ გაცნობაში. მარტივია ანგარიშების კითხვა, პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა საქართველოზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ადგილზე ნახო მდგომარეობა და ის, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი. როდესაც ადამიანებს ხვდები, უკეთ გვიყვებიან საკუთარ ცხოვრებას, სახეები ბევრისმთქმელია“, – განაცხადა ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა.
უნითი დოუ საქართველოს გუშინ ეწვია. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.