ბოსნიაში ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა
ბოსნიის ქალაქ ტუზლაში ასობით ადამიანმა ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა.
დემონსტრანტებმა, რომლებსაც სახეზე დამცავი ნიღბები ეკეთათ, ხელისუფლებას ქალაქში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების გასამკლავებლად მოქმედებისკენ მოუწოდა.
ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ჰაერის დაბინძურების გამო, ტუზლაში რესპირატორულ დაავადებათა რიცხვმა იმატა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ქალაქში ფუნქციონირებს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგური, რომელიც გამონაბოლქვის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბოლო დღეებში ბოსნიის ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი სარაევო მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სიის სათავეში მოექცნენ მეზობელი სერბეთის, კოსოვოსა და მაკედონიის ქალაქებთან ერთად.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმრავლესობა ელექტროენერგიის ნაწილს ამ დრომდე ქვანახშირზე მომუშავე მოძველებული ელექტროსადგურებით აწარმოებს. ქვანახშირი აქტიურად გამოიყენება ოჯახების მიერ სახლების გასათბობადაც. ეკოლოგიურ მდგომარეობას ასევე ამძიმებს აღნიშნულ ქვეყნებში მოძველებული ავტომობილების ჭარბი რაოდენობა.