ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალციხის სამსახურის უფროსმა, ილია თავთეთრიშვილმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა, ტრაქტორი სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს გზის გაწმენდაში დაეხმარება. მისივე ინფორმაციით, ხანძრის არეალი არ გაზრდილა და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ილია თავთეთრიშვილის თქმით, ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა – რეგიონის 30-მდე მეხანძრე-მაშველი და თბილისიდან ჩასული საგანგებო სიტუაციების სამსახურის 25 თანამშრომელი, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში სამცხე-ჯავახეთის ტყის მცვლებიც მონაწილეობენ.
მედიას ხანძრის კერასთან მიახლოების საშუალება ამ დრომდე არ მიეცა. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია, რადგან ხანძარი რთულად მისადგომ, კლდოვან რელიეფზეა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ქვათა ცვენის საფრთხეც.
სოფელ საკირეში, ტყეში ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, ხანძრის კერა რთულ რელიეფზეა, თუმცა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. ცეცხლი ხმელი ხის ტოტებსა და ბალახს უკიდია. სოფელ საკირეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გვიან ღამით თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველებიც ჩაერთვნენ.