ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს.
ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ფარულ კენჭისყრაზე ხმა 19-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო. სხდომას სულ 21 დეპუტატი ესწრებოდა.
თავად ზაზა ჩაჩანიძე დღეს საკრებულოში არ გამოცხადებულა.
21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა განცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვს. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი იყო საჭირო.
ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 – „ქართული ოცნების“.
ამასთან, მანამდე დაპირისპირება იყო ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის. საკრებულო მერიას, თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის მოთხოვნაზე უარს ეუბნებოდა.