ბორჯომის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული
ბორჯომის საკრებულოს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
შსს-ში განმარტავენ, რომ სამართალდამცველების მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მომართვის საფუძველზე მოხდა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები წერილობით მომართვასა და „112“-ში შესულ შეტყობინებაში აღნიშნავდნენ, რომ 28 მარტს ჩანიშნულია ბორჯომის საკრებულოს სხდომა. ვითარების გართულებისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, პოლიცია განთავსდეს ბორჯომის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარება.
მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე, ადგილზე პოლიტიკურად მოტივირებული დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მოვლენების განვითარების შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური მხარე, ადგილზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევთა მიმართ ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
21 მარტს ბორჯომის საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა გაცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვს. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო ორი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.
თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო. 28 დეპუტატიდან გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრა ფარული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
საკრებულოს 28 დეპუტატიდან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 – “ქართული ოცნების“.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.
ბორჯომის საკრებულოს სხდომა 28 მარტს 12 საათზეა ჩანიშნული.