ბორჯომის მერი საკრებულოს თავმჯდომარეს საბოტაჟში ადანაშაულებს. ლევან ლიპარტიამ მერიის თანამშრომლებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, მერიის მიერ პარასკევს საგანგებო სხდომის დანიშვნაზე უარის სათქმელად საკრებულოს თავმჯდომარეს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა.
ლიპარტია განმარტავს, რომ ის საკუთარი ხელფასის მატებაზე უარს ამბობს, თუმცა მერიის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მოთხოვნილი ფორმით მომატების მოთხოვნა არ შეიცვლება და ორშაბათს საკრებულოს დოკუმენტს ისევ აღნიშნული ფორმით გაუგზავნის.
„საკრებულოს თავმჯდომარისგან მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც დაგეგმილია პროვოკაციულად, საუბარია ჩემი სახელფასო სარგოს ზრდაზე და საუბარია, რომ სხვა თანამშრომლების ხელფასებში არანაირი ცვლილება არ მოხდეს და პირიქით, შემცირდეს. ეს არის ჩვენთვის სრულიად გაუგებარი. ეს არის, პირდაპირ შეიძლება ითქვას, საბოტაჟი, პროვოკაცია, სხვა არაფერი არ შეიძლება ამას დავარქვათ. ეს არის სირცხვილი, შეურაცხყოფა ჩვენი და მთელი საქართველოსი. მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს, საკრებულოს ვგულისხმობ, რომ გადადგან ერთადერთი სწორი ნაბიჯი, გონივრული გზა აირჩიონ და ამ ხალხის სახელფასო ცვლილებას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.