ბორჯომის მერი აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლები მიმდინარე თვის სახელფასო სარგოს ვერ მიიღებენ
ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლები მიმდინარე თვის სახელფასო სარგოს ვერ მიიღებენ
როგორც ლევან ლიპარტიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტს კანონი უკრძალავს იმ ხელფასების გაცემას, რომელიც წინა წელთან შედარებით დაბალია.
“არსებობდა, წინა წელს დანამატი, ახალი რეგულაციებით, ჩამოყალიბდა შკალები. კანონში წერია, რომ ხელფასი არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რაც წინა წელს. ვინაიდან პრემია-დანამატები გაუქმდა და გადავიდა ხელფასის სახით, ჩვენ ეს განსაზღვრული ხელფასი ჩავგზავნეთ საკრებულოს სხდომაზე, თუმცა მათ არ დაამტკიცეს და დატოვეს ძველი ხელფასები. ასეთ შემთხვევაში კი ძალიან ბევრ თანამშრომელს ხელფასები უმცირდებათ, ამიტომ ჩვენ კანონის ფარგლებში ვმუშაობთ და ძველი ხელფასების მიხედვით, ვერ გავცემთ თანხებს. 31 იანვარს საკრებულოს სხდომაა, ვნახოთ დეპუტატები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ” – განაცხადა ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.
ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერია ხელოვნურად ცდილობს პრობლემების შექმნას და საჯარო მოხელეებს საკრებულოს წინააღმდეგ განაწყობს.
როგორც “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გიუნაშვილი აცხადებს, 18 იანვრის სხდომაზე მერიის მიერ შეთავაზებულ ხელფასების მომატებას საკრებულოს მხარი არ დაუჭირა.
“წინა კვირას განვაცხადეთ უარი ხელფასების მომატებაზე. ბორჯომში ისედაც მაღალი ხელფასებია და ამის მატება არ უნდა გახდეს განხილვის საგანი. ხელოვნურად ფერხდება ხელფასების გაცემა, რათა შექმნას კრიზისი, თითქოს საკრებულო აფერხებს ხელფასების გაცემას. საკრებულომ ძველი სახელფასო სარგო დატოვა. თანხები უნდა იყოს გაცემული და ამის შეფერხება არ უნდა მოხდეს. თუ ვინმე კანონს არღვევს, ეს არის მუნიციპალიტეტი”, – განაცხადა გიორგი გიუნაშვილმა.