ბორჯომის მერი აცხადებს, რომ ბორჯომის ტყეში ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი აცხადებს, რომ ხანძარი ბორჯომის ტყეში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზეა გავრცელებული და ადგილზე რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, დილით კი ვერტმფრენებს ელოდებიან.
როგორც მერი აღნიშნავს, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან მოშორებით არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„ხანძრის კერა დაახლოებით შუადღისთვის იქნა აღმოჩენილი. ადგილზე გასულია რეინჯერთა ჯგუფი, რადგან ეს ტერიტორია ნეძვის აღკვეთილში შემავალი არეალია. მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილზე გვყავს ორი მძიმე ტექნიკა – მაღალი გამავლობის ბულდოზერები. დილით ველოდებით ოთხ ვერტმფრენს. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მისასვლელი გზები იყოს მოწესრიგებული და გახდეს გამავალი. სავარაუდოდ, ერთ ჰექტარზეა ხანძარი გავრცელებული. ღია ცეცხლია, რაც არ არის კარგი, მაგრამ დილით უკვე გვეცოდინება რეალური სურათი. ცეცხლის კერები არ არის დასახლებულ პუნქტთან ახლოს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა, სავარაუდოდ, მეხის დაცემისგან გაჩნდა, რადგან მიუვალი ადგილია და იქ ადამიანი ვერ ხვდება“, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.