ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი მონაწილეობდა.
„მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაახლოებით ერთ ჰექტარზე არსებული ტყის ქვედა საფარი და ხმელი ხეებია დამწვარი.
„მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისათვის მეხანძრე-მაშველები რჩებიან ტყის მასივში და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. მთელი ღამის განმავლობაში დავრჩებით ადგილზე მონიტორინგისა და უსაფრთხოების მიზნით. რთული რელიეფიდან გამომდინარე, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა ხანძრის კერებამდე ვერ მოხერხდა. დაახლოებით ერთ ჰექტარზე დაიწვა ტყის ქვედა საფარი და ხმელი ხეები. ხანძრის ქრობას ართულებდა ქარი, მაგრამ მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, – განაცხადა დავით სუხიშვილმა.