ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით 32 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსით 32 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ დროისთვის 42 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 32 – დადასტურებული „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, პაციენტებს შორის 11 ბავშვია.

„გუშინდელი დღიდან სიახლე არ გვაქვს, არ არის არც გამოჯანმრთელება, არც ახალი დადასტურებული პაციენტი. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია ყოველთვის. საბედნიეროდ, ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობდა მსუბუქად. უმრავლესობაში გამოხატული იყო პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო საკმაოდ მსუბუქი. პნევმონია მკურნალობას საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდა ყველა ბავშვის შემთხვევაში და გვყავდა ყველანაირი ასაკის ბავშვი. საბედნიეროდ, ამ მდგომარეობამ ჩვენს პაციენტებში, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საკმაოდ მსუბუქად ჩაიარა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მძიმე იყო ერთი პაციენტის მდგომარეობა, თუმცა ის უკვე გადასულია პალატაში და სტაბილურად აგრძელებს თერაპიულ მკურნალობას.

როგორც სოლოღაშვილმა განმარტა, ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირების მკურნალობის 42-43 დღის ხანგრძლივობა არის დაფიქსირებული, თუმცა გაცილებით მეტი ხანგრძლივობაც ფიქსირდება სხვა კლინიკებში.

„შესაძლოა, ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი მოიხსნას, როგორც რეკორდული და უფრო ხანგრძლივიც გვქონდეს, რადგან ამ ეტაპზეც, არსებული 32 პაციენტიდან გვყავს საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობის მქონე პაციენტები“, – აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება მედიკამენტპლაქველინზე“ კითხვას, ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ბრიფინგის თემა არ არის და ამაზე სპეციალისტები მუშაობენ.

„ამაზე სპეციალისტები, მეცნიერები, მსჯელობენ ძალიან ბევრს და საზოგადოებას ნუ შევიყვანთ ამ მსჯელობაში, ნუ ვაქცევთ ყველას ექსპერტად. ვიმსჯელოთ და დასკვნები გამოვიტანოთ მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან. ჩემი თქვენდამი რჩევა იქნება, რომ არ იყოს ბრიფინგის თემა მკურნალობის კონკრეტული მიმართულებების განხილვა.  ეს არ არის საზოგადოებისთვის არც საინტერესო და არც საჭირო. ამაზე საკმაოდ კვალიფიციური ხალხი ფიქრობს, აკეთებს დასკვნებს და ცვლის პროტოკოლს. მინდა, გითხრათ, საკმაოდ მაღალ დონეზე. ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვქონია გართულებები, არ გვქონია ცუდი შემთხვევები და ცუდი შედეგები, რაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა არასწორ მკურნალობას და საკმაოდ კარგად იმართა ყველანაირი კლასტერი, რაც ჰყავდა საქართველოს კლინიკებს, დაწყებული ჩვენი კლინიკიდან ყველა კლინიკაში. აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენება დაავადების საწყის ეტაპზე“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.