კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის (IAC) მკვლევართა ჯგუფმა ექსტრაგალაქტიკური ასტრონომიის 2018 წლის მთავარი საიდუმლო ამოხსნა. საქმე ეხება გალაქტიკას, რომელშიც სავარაუდოდ, ბნელი მატერია საერთოდ არ იყო.
გალაქტიკათა ფორმაციის ამჟამინდელი თეორიის მიხედვით, შეუძლებელია არსებობდეს გალაქტიკა, რომელშიც ბნელი მატერია არ არის. რატომ? საქმე ის არის, რომ ბნელი მატერია ფუნდამენტურ როლს ასრულებს გაზის კოლაფსირებაში, რის შედეგადაც იბადებიან ვარსკვლავები. 2018 წელს ასტრონომთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოაჩინეს გალაქტიკა ბნელი მატერიის გარეშე.
თუმცა, გალაქტიკა NGC1052-DF2-ზე სრულ დაკვირვებათა სერიის შემდეგ, კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა ეს საიდუმლო ამოხსნა.
მკვლევრებს თავგზას უბნევდა ის ფაქტი, რომ ანომალიური იყო ყველა ის პარამეტრი, რომელიც მანძილზეა დამოკიდებული; შესაბამისად, გადახედეს მანძილის მაჩვენებლებს. ამ ობიექტამდე მანძილის განსაზღვრისთვის ხუთი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს და საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა მათგანი ერთ რამეზე მიუთითებდა — ეს გალაქტიკა იმაზე გაცილებით ახლოს არის, ვიდრე ამას წინა კვლევა ასკვნიდა.
თავდაპირველი კვლევა მიუთითებდა, რომ ეს გალაქტიკა დედამიწიდან 64 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობდა. თუმცა, როგორც ახალი კვლევის შედეგად გაირკვა, რეალური მანძილი გაცილებით მცირეა — დაახლოებით 42 მილიონი სინათლის წელი.
ახალი კვლევისას მიღებული შედეგების წყალობით, ამ გალაქტიკის უჩვეულო პარამეტრები, რომლებიც ძირითადად მისი მანძილიდან გამომდინარეობდა, „ნორმალური“ გახდა და მოერგო მსგავს მახასიათებელთა მქონე სხვა გალაქტიკებისას.
ახალი ანალიზებით მიღებული მთავარი შედეგი ამ გალაქტიკის მასაა. ირკვევა, რომ მისი მთლიანი მასა იმაზე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ამას წინა კვლევა მიუთითებდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მისი მთლიანი მასის მნიშვნელოვან ნაწილს ბნელი მატერია უნდა შეადგენდეს.
კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეგსტრაგალაქტიკური მანძილების სწორად გაზომვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. ძალიან შორს არსებულ ობიექტებამდე ზუსტი მანძილის დადგენა ასტროფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ამბავი ამით არ მთავრდება. ორი თვის წინ აღმოაჩინეს ჩვენგან 63 სინათლის წლის მანძილზე მდებარე კიდევ ერთი გალაქტიკა, სახელად NGC1052-DF4; როგორც პირველადი კვლევა მიუთითებს, ბნელი მატერია იქაც არ არის. ახლა საინტერესოა დადგინდეს, გვაქვს თუ არა საქმე ამ შემთხვევაშიც მანძილის ცდომილებასთან.
ბნელი მატერია სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა. არ ვიცით, რა არის ის, არც მისი პირდაპირ დაფიქსირება შეგვიძლია, მაგრამ ვიცით, რომ სამყაროში მაინც არსებობს რაღაც, რაც იგივე ეფექტებს წარმოქმნის, რასაც მასა.
მაგალითად, გალაქტიკებში ობიექტები იმაზე სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე ამის საშუალებას პირდაპირ დაფიქსირებული მასა უნდა იძლეოდეს. რაღაც მოუხელთებელი ძალა, ბნელი მატერია, წარმოქმნის გრავიტაციას, რომელიც ვერ იქნებოდა მხოლოდ ნორმალური მატერიის არსებობის შემთხვევაში.
ეს მატერია ფუნდამენტურია სამყაროს ჩვენეულ წარმოდგენაში. მიჩნეულია, რომ სწორედ ის დაეხმარა ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს დაბადებულიყვნენ დიდი აფეთქების შედეგად გაჩენილ პირველყოფილ „სოუსში“. სწორედ ის აკავებს გალაქტიკაში არსებულ მატერიას კოსმოსში უმისამართოდ გატყორცნისგან და უზრუნველყოფს გალაქტიკის, როგორც ერთი სხეულის არსებობას.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია iac.es-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.