აღმოჩენილია მეორე გალაქტიკა, რომელშიც ბნელი მატერია საერთოდ არ არის
აღმოჩენილია მეორე გალაქტიკა, რომელშიც ბნელი მატერია საერთოდ არ არის

დაახლოებით ერთი წლის წინ, ასტრონომებმა აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელშიც ბნელი მატერია არ არის. ამჯერად მათ მეორე ასეთი გალაქტიკა იპოვეს.

გალაქტიკას NGC 1052-DF4 (შემოკლებით DF4) უწოდეს. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ პირველად აღმოჩენილი გალაქტიკა ბნელი მატერიის გარეშე, NGC 1052-DF2 შემოკლებით DF2) მართლაც არსებობს და შეცდომას ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს ბევრს ეგონა.

DF2-ის აღმოჩენა მეცნიერთათვის უზარმაზარი სიურპრიზია და ძალზედ გამოსადეგია გალაქტიკათა ფორმაციისა და დინამიკის შესახებ ამჟამად არსებულ თეორიათა შესამოწმებლად. რატომ? იმიტომ, რომ ბნელი მატერია გალაქტიკათა შესახებ არსებული გაგების სასიცოცხლო ნაწილია.

ამ უცნაური მატერიის დაფიქსირებას ჩვენი საუკეთესო ხელსაწყოებიც კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ის მართლაც არსებობს — უხილავი მასა, რომელიც გალაქტიკებში იყრის თავს და ზრდის მის გრავიტაციულ ძალას. მაგალითად, ირმის ნახტომში, გალაქტიკის გარე ნაწილი იმაზე სწრაფად მოძრაობს, ვიდრე იმოძრავებდა რაღაც გარკვეული მატერიის ზემოქმედების გარეშე.

როგორც ირკვევა, ზოგიერთ გალაქტიკაში ბნელი მატერია ჩვეულებრივ მატერიაზე მეტია. გალაქტიკა DF2-ის აღმოჩენამდე მიიჩნეოდა, რომ ბნელი მატერია არა მხოლოდ უბრალო კომპონენტი, არამედ გალაქტიკათა წარმოქმნისთვის აუცილებელი ინგრედიენტია.

თავდაპირველმა კვლევამ გარკვეული კრიტიკა გამოიწვია. ასტრონომებს შორის დაიწყო დებატებიც, რადგან ასეთი გალაქტიკის არსებობა სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნდათ.

თუმცა, პროცესი ჯერ ჩამცხრალიც არ არის და უცაბედად, ხდება DF4-ის აღმოჩენა. ორივე მათგანი ულტრადიფუზიური გალაქტიკაა, საკმაოდ დიდი, მაგრამ მკრთალი, რაც მასზე დაკვირვებას ართულებს. ამ ტიპის გალაქტიკები დაახლოებით ირმის ნახტომის ზომისაა, მაგრამ შეიცავს მასზე 100-1000-ჯერ ნაკლებ ვარსკვლავს.

ორივე მათგანი დაკავშირებულია გალაქტიკა NGC 1052-თან, რომელიც მდებარეობს დედამიწიდან 63 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ვეშაპის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

DF2-ის მსგავსად, DF4-ში ბნელი მატერია საერთოდ არ არის. კეკის ობსერვატორიის ტელესკოპ LRIS-ის გამოყენებით, ასტრონომები აკვირდებოდნენ შვიდი მკვრივი ვარსკვლავთგროვის, ე. წ. სფეროსებრი გროვების ორბიტულ მოძრაობას. გაირკვა, რომ მათი სიჩქარე კარგად ემთხვეოდა მხოლოდ იმ გრავიტაციულ ეფექტს, რომელსაც გალაქტიკის ჩვეულებრივი მატერიის მასა უნდა ახდენდეს.

ასტრონომ ვან დოკამის განცხადებით, ბნელი მატერიის გარეშე მეორე გალაქტიკის აღმოჩენა სხვა ასეთი გალაქტიკების პოვნის შანსსაც ზრდის. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მოსაზრება, თუ როგორ წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა ასეთი გალაქტიკები.

მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ისეთი გალაქტიკების არსებობა, რომლებიც ბნელ მატერიას არ შეიცავენ, აღმოჩენა ადასტურებს თავად ბნელი მატერიის არსებობას, რადგან ამავე დროს ამტკიცებს, რომ ნორმალურ მატერიას განცალკევებით არსებობა შეუძლია.

ბნელი მატერიის შესახებ არსებობს ალტერნატიული თეორიაც. თუმცა, მკვლევართა თქმით, ამ თეორიისთვის ასეთი გალაქტიკების აღმოჩენა მრავალ თავსატეხს აჩენს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ არ არის ამ ორ გალაქტიკში ბნელი მატერია. ჰქონდათ და დაკარგეს? წარმოიქმნენ თუ არა მის გარეშე, გალაქტიკა NGC 1052-დან გამოტყორცნილი გაზისგან? ბნელი სათქმელია, მაგრამ ალბათ ყველაფერს ნათელს მოჰფენს მეტი ასეთი გალაქტიკების აღმოჩენა.

ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ ასეთი გალაქტიკების კვლევა ერთი ნაბიჯით წინ წასწევთ სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოს — ბნელი მატერიის კვლევაში.

კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია keckobservatory.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.