„ბლუმბერგი“ - ქაოსი წითელ ზღვაში სურსათის მიწოდებას უქმნის საფრთხეს და პროდუქტების გაძვირების რისკს აჩენს
„ბლუმბერგის“ ცნობით, ქაოსი წითელ ზღვაში სურსათის მიწოდებას უქმნის საფრთხეს და პროდუქტების გაძვირების რისკს აჩენს.
როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობა უკვე უშლის ხელს სხვადასხვა პროდუქციის გადაზიდვებს, დაწყებული ყავიდან, დასრულებული ხილით.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო სავაჭრო გემები გვერდს უვლიან წითელ ზღვას, რაც გადაზიდვების ხანგრძლივობასა და ფასზეც ნეგატიურად აისახება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ, ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, გადაზიდვების შეფერხება მალფუჭებად სურსათს გასაყიდად გამოუსადეგარს ხდის.
როგორც გამოცემა წერს, ექსპორტიორების დიდი ნაწილი შიშობს, რომ თუ წითელ ზღვაში ვითარება არ შეიცვლება, გადაზიდვების ფასის ზრდა მომხმარებელზეც აისახება.
შეგახსენებთ, რომ წითელ ზღვაში გემებს თავს იემენელი „ჰუსიტები“ ესხმიან. მათი განცხადებით, ისინი ამგვარად უპირისპირდებიან ისრაელის მიერ ღაზის სექტორში წამოწყებულ ომს.