Bloomberg-ი - ტრამპი და პუტინი ჰელსინკის შეხვედრაზე შესაძლოა, სირიიდან ირანული ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ
ტრამპი და პუტინი ჰელსინკის შეხვედრაზე შესაძლოა, სირიიდან ირანული ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, 16 ივლისს ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი თემა სწორედ სირიაში ირანის როლი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში, მოსკოვი მოლაპარაკებებს თეირანთანაც მართავს.
Bloomberg-ი წერს, რომ ამ დროისთვის ვაშინგტონი და მოსკოვი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ შეხვედრის შედეგად სულ მცირე ერთი სერიოზული შეთანხმება მაინც იქნას მიღწეული.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა მოსკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ სირიაში „სტრატეგიული საკითხი“ არა ასადი, არამედ ირანია.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ფინეთის დედაქალაქში 16 ივლისს იგეგმება.