„ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა [ფოტო/ვიდეო]
რამდენიმე საათში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზულად გაიხსნება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა. გუშინ კი „ბლექ სიზე“ გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მოადგილესთან, შალვა გოგოლაძესთან, გია გიორგაძესთან და ზურაბ აზმაიფარაშვილთან ერთად დაესწრო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დეტალების საბოლოოდ დასაზუსტებლად რეჟისორი, ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მასშტაბურ შოუზე 1 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. გახსნის საზეიმო ცერემონიის დამდგმელი რეჟისორია ზაალ ჩიქობავა, მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი. აღმასრულებელი პროდიუსერები: თეა ყიფშიძე და ბაჩი ზურებიანი.
სპეციალურად ღონისძიებისთვის მუსიკა შექმნეს ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ, საბალეტო ნომერი დადგა ნინო ანანიაშვილმა, ახალი ცეკვით წარდგება „სუხიშვილები“, რომელზეც ილიკო სუხიშვილმა იმუშავა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, გახსნის ცერემონია აერთიანებს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. „ბლექ სი არენაზე“ მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სცენაზე იხილონ – ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, ფოლკლორული ანსამბლი „ლაშარი“, აჭარის სახელმწიფო კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი.
დროშების აღლუმს წარადგენენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტები. სპეციალურად გახსნის ცერემონიისთვის განკუთვნილი ბუკლეტის ტექსტი შექმნა აკა მორჩილაძემ.
გრანდიოზული შოუს პირდაპირ რეპორტაჟს ოლიმპიადის პარტნიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.