ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მედიაციის შესახებ კანონპროექტი გააცნეს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს „მედიაციის შესახებ“ კანონის პროექტი გააცნეს. დოკუმენტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე გადაგზავნილია.
ღონისძიებაზე „მედიაცია საქართველოში“ კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ზოგადად მედიაციის არსის შესახებ, ასევე უშუალოდ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გაეცნენ ახალი კანონპროექტის დეტალებს.
დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა მედიაციის როგორც მეწარმე-სუბიექტებს შორის დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის დანერგვისა და განვითარების აუცილებლობას. ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა მეწარმე-სუბიექტმა მიიღოს ინფორმაცია იმ უპირატესობების შესახებ, რაც დავების გადაწყვეტის პროცესში მედიაციის წესის გამოყენებას გააჩნია.
მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, საარბიტრაჟო ცენტრის ბაზაზე, კომერციული მედიაციის პლატფორმა შეიქმნება, რომელიც ბიზნესს მედიაციის პროცესის წარმოებაში დაეხმარება.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვას მთავრობის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა აქვს.
მედიაციის პლატფორმის სრული ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.