ბადრი ჯაფარიძე - ხუთიდან სამ საკითხზე სრულად შევთანხმდით, ჩვენი მხრიდან დიდი ნაბიჯი გადავდგით, ქართულმა ოცნებამაც“ თავი უნდა დაანებოს დოკუმენტის თავის მხარეს გადაქაჩვას
ბადრი ჯაფარიძე - ხუთიდან სამ საკითხზე სრულად შევთანხმდით, ჩვენი მხრიდან დიდი ნაბიჯი გადავდგით, ქართულმა ოცნებამაც“ თავი უნდა დაანებოს დოკუმენტის თავის მხარეს გადაქაჩვას

ჩვენი მხრიდან დიდი ნაბიჯი გადავდგით, ქართულმა ოცნებამაც“ თავი უნდა დაანებოს დოკუმენტის თავის მხარეს გადაქაჩვას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგის პროცესში მხარეები ხუთიდან სამ საკითხზე შეთანხმდნენ, ერთ საკითხზე პროგრესი შეინიშნებოდა, ხოლო ერთ საკითხზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი განსხვავებულ პოზიციებზე დარჩნენ.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მედიაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

„გუშინ ჩვენ დავეთანხმეთ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ სამი მიმართულებით რეფორმას, რაც ჩვენი აზრით, ძალიან კარგი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა ამ სამ პუნქტს იმ რედაქციით, როგორითაც შემოგვთავაზა მედიატორმა. მათი შენიშვნები მიმართული იყო იმისკენ, რომ ეს პუნქტები აღარ ყოფილიყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც თავდაპირველი ვერსია.

ჩვენ გუშინ ვერ შევთანხმდით რიგგარეშე არჩევნებზე. აქ იყო წინადადება, რომელიც არ აისახა საბოლოო დოკუმენტში.

რაც შეეხება პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილს, აქ მელიასთან მიმართებაში გვქონდა საინტერესო მექანიზმი, ხოლო რურუასთან მიმართებაში მედიატორმა შემოგვთავაზა გამოსავალი, თუმცა „ქართული ოცნების“ მოუქნელი პოზიციის გამო, ვერ შევთანხმდით, რადგან ეს მექანიზმი ითვალისწინებდა რურუას გარკვეული პერიოდით საპატიმროში ყოფნას.

ხუთიდან სამ საკითხზე სრულად შევთანხმდით, ერთ საკითხზე გვქონდა კარგი პროგრესი, ერთ საკითხზე სამწუხაროდ, კვლავ ვრჩებით განსხვავებულ პოზიციებზე. ეს არ ნიშნავს, რომ მედიაციის პროცესი დასრულდა. ეს პროცესი გაგრძელდება. ერთი დიდი ნაბიჯი გუშინ გავაკეთეთ ჩვენი მხრიდან, „ქართულმა ოცნებამაც“ თავი უნდა დაანებოს მედიატორების მიერ შემოთავაზებული წინადადებების რევიზიას. თავი უნდა დაანებონ დოკუმენტის თავის მხარეს გადაქაჩვას. კომპრომისული წინადადებები ნიშნავს, რომ არც ერთი მხარის ინტერესი სრულად არ არის გათვალისწინებული.

პირველადი დოკუმენტი უფრო შორს მიმავალ ფუნდამენტურ რეფორმებს ითვალისწინებდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის გამო მისი რედაქტირება მოხდა. გუშინდელი დოკუმენტი სწორედ „ქართული ოცნების“ შენიშვნების მაქსიმალურად გათვალისწინების ნაყოფი იყო და აქაც კი „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა სამი პუნქტის იმ ფორმულირებას, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.