დავით ზილფიმიანი ხელისუფლებას და ოპოზიციას მედიაციას სთავაზობს
დავით ზილფიმიანი ხელისუფლებას და ოპოზიციას მედიაციას სთავაზობს

ოპოზიციონერმა დეპუტატი დავით ზილფიმიანი ხელისუფლებას და ოპოზიციას მედიაციას სთავაზობს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ზილფიმიანი ავრცელებს.

„ქვეყანაში დღევანდელი პოლიტიკური კონფლიქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კატასტროფული შედეგები ადვილად განჭვრეტადია, რადგან დიდად განსხვავდება, ზოგადად, პოლიტიკური დაპირისპირების ტიპური შემთხვევებისგან. განსხვავებათა ძირითადი შემადგენლებია, პირველ რიგში ის რომ ოპოზიციის შემორჩენილი ლიდერშიფი არ არის ხალასი, წრფელი და თავისუფლების იდეებით „გაცისკროვნებული“ გუნდი, არამედ დამძიმებულია მათი წარსული მოღვაწეობისას გამოკვეთილი ისეთი თვისებებით, როგორებიცაა, კაცთსიძულვილი, მკვლელობები, ზიზღი, ბოროტება და დიქტატურა.

მეორე ის, რომ (პირველიდან გამომდინარე) დაპირისპირებულ მხარეებად გვევლინება არა ოპოზიცია და ხელისუფლება, არამედ, ფაქტობრივად, საზოგადოების ორი ნაწილი, რაც, შედეგობრივად სამოქალაქო დაპირისპირების ადვილად პროვოცირების წყაროა. მესამე ის, რომ (პირველი ორიდან გამომდინარე) ხელისუფლებამ მარტივად მოახერხა სამი ვადით ხელისუფლების შენარჩუნება, მეოთხე ვადის პერსპექტივით და საზოგადოების დიდი ნაწილი, ასეთი განლაგების პირობებში, გრძნობს თავის მძევლობას, რომელიც, ერთი მხრივ, აცნობიერებს სამი და ოთხი ვადის ნეგატივს ქვეყნის განვითარებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, არასოდეს დაუშვებს უკვე კომპრომეტირებული ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუნდაც ვინმესთან ერთად კოალიციური შენიღბვით.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩიხური ვითარება, როდესაც, როგორც აღნიშნული ძალის მიერ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, ასევე ხელისუფლების მიერ, არაადეკვატური ძალის გამოყენებას, მხოლოდ ერთ შედეგამდე – სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივყავართ, რაც, გარდა ქვეყნის სრული კრახისა, პირველივე ფაზაში გამოიწვევს ხალხის მიერ შერისხული ოპოზიციის ბომონდის უცილობელ განადგურებას. იმ თაობას, ვინც უკვე მოესწრო ჩვენი ქვეყნის თავს გადამხდარ არაერთ სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომს, სრულად გვაქვს გათვითცნობიერებული ყველა შედეგი და ისიც, რომ მხოლოდ მტრის ინტერესებში შეიძლება იყოს პროცესების სწორედ ასეთი სეკვენცია, რომელმაც ამ ჩიხამდე მიგვიყვანა“,- აცხადებს ზილფიმიანი.

მისივე თქმით, „ჩვენ ყველა ერთად დავმარცხდებით, თუ კეთილგონიერებით არ მოვძებნით გამოსავალს“.

„ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთადერთი გზა ამ პრობლემათა მთელი ხურჯინის (პოლარიზაცია, ანტაგონიზმი, დაპირისპირება, ხელისუფლების ჰარმონიული ცვლა) ერთად და საბოლოოდ მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ კონსტრუქციული ოპოზიციის გამარჯვებით შემდგომ ელექტრონულ არჩევნებზე, რისთვისაც ველის განთავისუფლება უნდა მოხდეს, ნაცმოძრაობის სცენიდან წასვლის ხარჯზე, რაც ყველაზე დიდია, რაც კი შეიძლება ამ ძალას ქვეყნის სასიკეთოდ გაეკეთებინა და ეს, ერთი მხრივ, იქნება მტკიცებულება იმისა, რომ მათთვის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რევანში და უკვე ერთხელ ტკბობით განცდილი ძალაუფლებისთვის კვლავ ბობღვა. „ნაცმოძრაობის“ მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ არა უტოპიური, რადგან განჭვრეტადია ის, რომ ამის გაკეთება მათ მაინც მოუწევთ, ნებით თუ არა ხალხის რისხვით, რაც სრულად სავალალო იქნება, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სასწორის მეორე მხარეს შესაძლოა არსებობდეს დამატებითი მოგვარებადი საპირწონეები, როგორებიცაა: სააკაშვილის მოქალაქეობის ნიშნით მეგობარი ქვეყნისთვის გადაცემა (ყველას სახის შენარჩუნებით), ასევე ძნელად წარმოსადგენი, მაგრამ აგრეთვე არაუტოპიური რამ – „ოცნების“ მხრივ დაფიქსირება იმისა, რომ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში ყოფნას არ მიიჩნევს ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის საუკეთესო გზად.

„ნაცმოძრაობის“ მხრივ, თუნდაც მცირედი პოზიტიური ინდიკატორის არსებობის შემთხვევაშიც კი, პირადად მე, დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით მივიღებდი მონაწილეობას პროცესის მედიაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მრავალი პატრიოტი, შეუბღალავი წარსულის მქონე პოლიტიკოსი და მეგობარი დიპლომატი დაუყოვნებლივ შემოუერთდებიან მედიაციის ამ პროცესს. ჩემი ეს მოსაზრება და სურვილი დღეისთვის შესაძლოა ბევრმა მიამიტობად ჩათვალოს, მაგრამ თუ ნებისმიერ, თუნდაც, მცირედ ალბათურ შესაძლებლობას მაინც არ გამოვიყენებთ და განვახორციელებთ, ჩიხიდან გამოსვლაზე ოცნებაც კი შეუძლებლად დარჩება.