საქართველო მედიაციის შესახებ გაერო-ს კონვენციას შეუერთდა, კონვენციას თეა წულუკიანმა მოაწერა ხელი
საქართველო მედიაციის შესახებ გაერო-ს კონვენციას შეუერთდა, კონვენციას თეა წულუკიანმა მოაწერა ხელი

საქართველო მედიაციის შესახებ გაერო-ს კონვენციას შეუერთდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით სინგაპურში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აგრეთვე, საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფო ტყემალაძე.

საქართველოს სახელით სინგაპურის კონვენციას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოაწერა ხელი.

იუსტიციის სამინისტროს განმარტავს, რომ კონვენციასთან შეერთებით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც რეგიონში საქართველოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ცენტრად, საარბიტრაჟო და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კონვენციის ტექსტი 2018 წლის 20 დეკემბერს გაერო-ს ასამბლეაზე დამტკიცდა და ხელმოსაწერად გაიხსნა. მისი მიზანი კომერციულ და ვაჭრობასთან დაკავშირებულ დავებზე მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგებების აღსრულებისთვის ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სინგაპურის კონვენცია მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად დაეყრდნონ და აღასრულონ მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების ხელშეკრულებები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნესურთიერთობების განვითარებას და ახალისებს მედიაციის გამოყენებას სავაჭრო და ბიზნესდავების გადაწყვეტისთვის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას, არბიტრაჟთან ერთად.

კონვენციას ხელი მოაწერა გაერო-ს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა შორისაა სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მალაიზია, ავღანეთი, ჩილე, პარაგვაი, ფილიპინები, ყატარი, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სერბეთი.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემაზე: „ნდობის დანერგვა, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ისაუბრა კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის საქმეში და ყურადღება გაამახვილა დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების მნიშვნელობაზე.