ბიზნესომბუდსმენმა ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა
ბიზნესომბუდსმენმა ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა

ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ექვსთვიანი ანგარიში წარადგინა და ქართულ ბიზნესგარემოში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, პრობლემურია გაჭიანურებული სასამართლო დავები და ასევე ბიუროკრატია ადმინისტაციული ორგანოების საშუალო რგოლში.

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია უფრო მეტი პრობიზნესური გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნეს სექტორის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევას, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ რეგიონებში ბიზნეს სამუშაო ძალის კვალიფიკაციისა და ფინანსებთან წვდომის პრობლემები აქვთ.

„ვაქვს ხუთი ძირითადი მიმართულება, რასაც ვთვლით, რომ გვაქვს ამ ეტაპზე. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სასამართლო დავებთან, ვადებთან და სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობები. ასევე ბიუროკრატიის ნაწილი, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ ორგანოების საშუალო რგოლში, რაც მნიშვნელოვანია, რომ უფრო ეფექტური გახდეს ეს კომუნიკაცია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ბიზნესს აქვს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ძალებზე კვალიფაკაციის პრობლემა. რეგიონებში არის განსაკუთრებით შეფერხებები საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე, როდესაც გარკვეული ანგაჟირებული ჯფუფები ცდილობდნენ ამ მიმართულებით ხელის შეშლას. ასევე გვგონია, რომ რეგულაციების ნაწილი საჭიროა უფრო იყოს სისტემატიზებული, რომ ბევრმა გაუაზრებელმა ინიციატივებმა არ შეუქმნას ბიზნესს აღნიშნულ რეგულაციებთან ადაპტირების პრობლემა“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღესვე ბიზნესომბუდსმენის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კომუნიკაციას გაუადვილებს.