ბიზნესომბუდსმენის აპარატს მცირე და საშუალო ბიზნესი ძირითადად საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართავს
ბიზნესომბუდსმენის აპარატს მცირე და საშუალო ბიზნესი ძირითადად საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართავს

ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის 40 პროცენტი წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარადგინა.

მისი თქმით, აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა – 60 პროცენტი, შემდეგ კი, მოდის აჭარა – 20 პროცენტით.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.

„კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო ბიზნესია და მიმართვიანობის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, 2019 წლის ექვს თვეში ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობით, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 15 კომპანიის საქმე განიხილეს და 90 პროცენტში ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიცია ფინანსთა სამინისტრომ სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინა.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2019 წლის ექვს თვეში აპარატში მეწარმეების მიმართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გაგზავნა.  ექვს თვეში მუშაობა 42 საქმეზე დასრულდა და საქმეების 80 პროცენტში უწყებებმა ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ გაითვალისწინეს.