ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრ კომპანიებს ხვდება
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის (GURTIAD) წევრ კომპანიებს ხვდება.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ლექვინაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართვას, ასევე, განმარტავს საქმიანობის მთავარი პრინციპებსა და ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
მხარეების ასევე ისაუბრებენ ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მომსახურების სფეროში კვალიფიციური კადრების გადამზადება, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის ურთიერთობები, მედიასთან კომუნიკაცია, ბიზნესფორუმების ჩატარების მნიშვნელობა; აგრეთვე სხვადასხვა საინვესტიციო, საგადასახადო და საკანონმდებლო ინიციატივები.
„დღეს გვაქვს შეხვედრა ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციასთან. ეს არის თურქული ბიზნესის ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანება საქართველოში. ჩვენ ვისაუბრებთ იმ მიმდინარე საკითხებზე, რომლებიც ამ ასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია და, ბუნებრივია, მზად ვართ, ნებისმიერ საკითხს დავუჭიროთ მხარი და განვახორციელოთ აქტიური კომუნიკაცია ნებისმიერ იმ სახელმწიფო უწყებასთან, რომლის მიმართაც შეიძლება მათ გააჩნდეთ გარკვეული სახის აქტუალური საკითხები.
ზოგადად გეტყვით, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობები და ეკონომიკური ურთიერთობები არის პოზიტიურად დინამიკური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა კონტექსტში შეიძლება არსებობდეს რიგი საკითხები, სადაც შეიძლება ჩვენი ჩართულობა იყოს აქტუალური და, ბუნებრივია, სწორედ ამ საკითხებზე გვექნება დღეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან საუბარი. დღეს წარვადგენთ ჩვენს გეგმებს, თუ რას ვფიქრობთ და რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, რომ უფრო აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესთან და ამ სტრატეგიის ფარგლებში ნებისმიერ საკითხს მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ” – განუცხადა პირველ არხს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.
ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი მასპინძლობს.