ბიზნეს-ჯგუფები დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს ურთიერთობის დარეგულირებისკენ მოუწოდებენ
ამერიკული და თურქული ბიზნესი აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვედრისა და ურთიერთობის დარეგულირებისკენ მოუწოდებს. ბიზნესს მიაჩნია, რომ ნატო-ს მოკავშირეებს შორის დაპირისპირება ინვესტორების ნდობაზე უარყოფითად აისახება და საინვესტიციო გეგმებს აფერხებს.
სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში ამერიკულ-თურქული ბიზნეს-საბჭოსა და თურქეთ-ამერიკული ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედრისკენ მოუწოდეს, რათა დასრულდეს თურქეთში დაპატიმრებული ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლების ირგვლივ არსებული დაპირისპირება. ორივე ბიზნეს-ჯგუფი საერთო ჯამში 250 კომპანიას აერთიანებს.
„მხოლოდ ორ პრეზიდენტს ხელეწიფება ურთიერთობის გამოსწორება, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს, სანამ გამძაფრდება და სამუდამოდ დააზიანებს ურთიერთობებს“,-განუცხადა Reuters-ს თურქეთ-ამერიკული ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელმა, მეჰმეთ ალი ალჩინდაგმა.
ამერიკა-თურქეთის ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელის, ჰოვარდ ბისის განცხადებით, გასულ კვირაში პოლიტიკური გაურკვევლობის გამო, თურქულმა კომპანიებმა 300 მილიონი დოლარის მოცულობის ბიზნეს-შერწყმა და გარიგება შეაჩერეს.
„ახლა ყველაფერი რისკის ქვეშ დგას, არა იმიტომ, რომ ბიზნესი ვეღარ ხედავს პერსპექტივას, არამედ იმიტომ, რომ მათ არ იციან საით მიდის პოლიტიკური ურთიერთობა,“- განაცხადა ჰოვარდ ბისმა.
„შტატები თავის ეკონომიკურ სიძლიერეს ძალიან სახიფათოდ იყენებს და ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მიზნით სანქციების დაწესებას. ჩვენ უკვე ვხედავთ ამ ნაბიჯის პირდაპირი დარტყმის შედეგს“,-აღნიშნა მან.
ბისი თურქული ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებას ამერიკასა და თურქეთს შორის პოლიტიკურ განხეთქილებას არ უკავშირებს, თუმცა მისი აზრით, ორ თურქ მინისტრზე ამერიკული სანქციების დაწესება და პერსპექტივაში კიდევ მეტი სანქციების მოლოდინი სიტუაციას ნამდვილად ამწვავებს.
როგორც ცნობილია, აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობა ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ანკარას პასტორ ბრანსონის გათავისუფლება მოსთხოვა, ანკარა კი ვაშინგტონისგან თურქული „ჰალიკბანკის“ ირგვლივ აშშ-ის ხაზინაში მიმდინარე გამოძიების შეჩერებას ითხოვს. „ჰალიკბანკს“, რომლის აქციების უმეტესობა თურქეთის სახელმწიფოს ეკუთვნის, აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების დარღვევაში ედება ბრალი და უზარმაზარი სანქციები ელოდება. პასტორ ბრანსონს თურქეთში, ორი წლის წინ ერდოღანის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების მოწყობაში მონაწილეობა ბრალდება, რასაც ბრანსონი უარყოფს.
ლირის გაუფასურებამ მძიმე დარტყმა მიაყენა თურქულ ბანკებსა და კორპორაციებს. თურქული ეროვნული ვალუტის ვარდნის უარყოფითი შედეგი სხვა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ვალუტებსა და საფონდო ბირჟებზეც გავრცელდა. ლირა წელს ამერიკული დოლარის მიმართ უკვე 40 პროცენტით გაუფასურდა.
თურქული ვალუტა გუშინ კიდევ დაეცა მას შემდეგ, რაც Reuters-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ პასტორ ბრანსონის გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, თურქეთს შეღავათს არ მისცემს.