ბიუროს სხდომაზე საგადასახადო კოდექსსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები საგადასახადო კოდექსსა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის წევრები ასევე მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ფრაქციის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტს განიხილავენ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრები 2020 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ინიციატივის განხილვას ელოდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით „ევროპულმა საქართველომ“, 20 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, საკითხის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ საინიციატივო ჯგუფთან დიალოგი უნდა დაიწყოს.