ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ, რის შემდეგაც ცვლილებების საკომიტეტო განხილვები დაიწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პროექტში ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები. კერძოდ, იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო კომისიის დაკომპლექტების წესი, ასევე შემოდის ხმების ელექტრონული დათვლის სისტემა, რაც, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მინიმუმამდე დაიყვანს არჩევნების გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც.
უმრავლესობა მოუწოდებს ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კოდექსის საპარლამენტო განხილვაში და საკუთარი შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ.
„ბიუროს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ პროექტს საარჩევნო კოდექსთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით, სადაც პრაქტიკულად ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებული ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული. კერძოდ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის, საოლქო კომისიების შემადგენლობების ახლებურად განსაზღვრა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ პროფესიული ნიშნით დაინიშნება უფრო მეტი წევრი, ამავდროულად იქნება ცხრა წევრი დანიშნული თითო-თითო პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს ბარიერი ოქტომბრის არჩევნებში და პრაქტიკულად, ყველა ის მოთხოვნა, რაც ჰქონდა არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ ოპოზიციას და ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჰქონდა ეუთო/ოდირს, არის ასახული. ამ კანონპროექტით, ყველა სხვა ცვლილებებთან ერთად, შემოღებული იქნება ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა, რაც პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანს ოდნავ მაინც, თეორიულად, ეჭვის დონეზე, გაყალბების მცდელობებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტში და ბიუროს შემდგომ იქნება პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განხილული აღნიშნული საკითხი და დაახლოებით თვე-ნახევრის, ორი თვის განმავლობაში მოხდება აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ვუთხრათ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც აქამდე არ მონაწილეობდა ასეთი ტიპის განხილვებში, მიიღოს მონაწილეობა. თუკი რაიმე შენიშვნა ან რაიმე დამატებითი პირობები აქვთ, მობრძანდნენ პარლამენტში, მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საარჩევნო კოდექსისი ცვლილებასტან დაკავშირებული საპარლამენტო განხილვები ორი თვის ვადაში დასრულდება.