„ბიუბიუ“ - სურსათის სააგენტოს განცხადება უსაფუძვლოდ ლახავს კომპანიის რეპუტაციას
კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე, – ამის შესახებ „ბიუბიუს“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიუბიუ“ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიის პროდუქციაში სალმონელას აღმოჩენის შესახებ საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ ეხმაურება. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის რეპუტაციას უსაფუძვლოდ ლახავს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.
ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს.
რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გუშინ საღამოს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას.
თითოეულ ჩვენ მომხმარებელს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ და ვიზრუნებთ, რომ თქვენ მოგაწოდოთ უვნებელი, ხარისხიანი და საქართველოში წარმოებული პროდუქცია. ასევე აუცილებლად განვაგრძობთ თქვენს ინფორმირებას ამ საკითხთან დაკავშირებით,“- ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბიუბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტომ შემოწმება ჩაატარა რესტორანშიც. რომელსაც, კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. საწარმოო პროცესი შეწყდა და 1000 ლარით დაჯარიმდა ის მარკეტიც, სადაც რესტორანმა ნედლი ქათმის ფილე შეიძინა.
სურსათის სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა ფრინველთა სასაკლაოსა და სადისტრიბუციო კომპანიაშიც „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ხუთი ნიმუშიდან ოთხში სალმონელა გამოვლინდა. აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.