„ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმება
„ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმება

კომპანია „ჩირინას“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე არ ეთანხმება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანიის პროდუქციაში სალმონელას აღმოჩენის შესახებ.

როგორც რევაზ ვაშაკიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კომპანიამ პროდუქციის ხარისხი ნათაძის სახელობის ლაბორატორიაში თავად შეამოწმებინა, თუმცა დარღვევები არ დაფიქსირდა.

„ჩემი მიზანი არ არის სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ბრძოლა. ვაპირებ, ხვალ ან ზეგ დავუკავშირდე სააგენტოს, ერთად შევისწავლით ამ საკითხს და ალბათ დასკვნასაც დავდებთ“, – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მისი თქმით, კომპანია „ბიუ-ბიუს“ პროდუქცია რეგულარულად მოწმდება და მისი მიღება უსაფრთხოა.

რაც შეეხება რესტორანს „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, სადაც 19 ოქტომბერს 11 პირის ინტოქსიკაცია მოხდა, ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ თარაშვილის განცხადებით, წარმოება გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო, თუმცა ჩატარდა დეზინფექცია, რის შემდეგაც მუშაობა განახლდა. მისივე ინფორმაციით, ვრცელი კომენტარი უახლოეს პერიოდში, დამფუძნებელთან კონსულტაციის შემდეგ გაკეთდება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტომ შემოწმება ჩაატარა რესტორანშიც, რომელსაც, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. საწარმოო პროცესი შეწყდა და 1000 ლარით დაჯარიმდა ის მარკეტიც, სადაც რესტორანმა ნედლი ქათმის ფილე შეიძინა.

სურსათის სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა ფრინველთა სასაკლაოსა და სადისტრიბუციო კომპანიაში „ჯეო დისტრიბუშენ გრუპშიც“, სადაც ხუთი ნიმუშიდან ოთხში სალმონელა გამოვლინდა. აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.