ბიტკოინი - საინვესტიციო სენსაცია თუ ხაფანგი?
ბიტკოინი - საინვესტიციო სენსაცია თუ ხაფანგი?

ბიტკოინის ციებ-ცხელება

ვირტუალური ვალუტა ბიტკოინი, მისი ღირებულების უპრეცედენტო ზრდის წყალობით, ფინანსურმა სამყარომ 2017 წლის ყველაზე პოპულარულ და სენსაციურ საინვესტიციო საშუალებად ჩათვალა.

ბიტკოინის სახელი მთელი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ჩამოსულა წამყვანი საერთაშორისო მედია გამოცემების პირველი გვერდებიდან, განსაკუთრებით წლის ბოლო სამ თვეში, როდესაც ბიტკოინის ფასი ყოველდღიურად ახალ რეკორდს ხსნიდა. საერთო ჯამში, 2017 წლის 12 თვეში ბიტკოინის ფასი 1500 პროცენტით გაიზარდა და დეკემბრის შუა რიცხვებში ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 20 ათას დოლარსაც კი მიაღწია და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 230 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თუმცა ბიტკოინის რყევის მაღალი ამპლიტუდის და რისკების გამო, ბიტკოინი ყველაზე სარისკო საინვესტიციო საშუალებადაც ითვლება. მხოლოდ გასულ კვირაში ბიტკოინი ერთ დღეში 21 პროცენტით გაუფასურდა და დღეისთვის ერთი ბიტკოინი დაახლოებით 13 ათასი დოლარი ღირს.

ცნობილი ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების დიდი ნაწილი, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მას ფინანსურ პირამიდად და სპეკულაციურ ბუშტად მიიჩნევენ, რომელიც ადრე თუ გვიან გასკდება, თუმცა როდის, ამას ჯერჯერობით ვერავინ ამბობს.

ინვესტორთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბიტკოინი და ზოგადად ვირტუალური ვალუტა მომავლის ფულია და ერთი ბიტკოინის ღირებულება სამი წლის თავზე 500 ათას დოლარს ან სულაც მილიონს მიაღწევს. შესაბამისად, კრიპტოვალუტასა და კერძოდ, ბიტკოინზე, მოთხოვნა ისტერიულად იზრდება, განსაკუთრებით იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.

ბიტკოინი დეკემბერში ჩიკაგოს გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ორ უმსხვილეს პლატფორმაზეც დაიშვა.

კრიპტოვალუტის მიმართ საინვესტიციო ისტერია გასული საუკუნის ოქროს ციებ-ცხელებას წააგავს და იოლი ფულის შოვნის მარათონში დიდი რაოდენობით არაპროფესიონალებიც ჩაერთნენ, მათ შორის, ქართველებიც. საქართველო ბიტკოინის წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერია, ქართველი ემიგრანტები კი, მიზერული საკომისიოს გამო, ბიტკოინს საქართველოში ფულადი გადმორიცხვების საშუალებადაც იყენებენ. თუმცა ბიტკოინის ანონიმურობა და უსაფრთხოება კრიმინალურ სამყაროსაც იზიდავს, რაც მსოფლიო საზოგადოებას სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

მაინც რას წარმაოდგენს ეს ვალუტა და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, ვისაც ამ კრიპტოვალუტაში სურს ინვეტირება ან ტრანზაქციის განხორციელება?
ბიტკოინის გენეზისი

ბიტკოინი ე.წ. კროტპოვალუტის პირველი სახეობაა, რომელიც, თავის მხრივ, ციფრული ანუ ვირტუალური ფულის სახეობას წარმოადგენს, რომლის არსიც ტრადიციულ ფულთან შედარებით, მეტი უსაფრთხოებისა და ანონიმურობის შექმნის გარანტიაა.

ბიტკოინი შეიქმნა 2009 წელს, ფაქტობრივად, 2007 წლის ფინანსური კრიზისის კვალდაკვალ, როდესაც უძრავი ქონების ბაზარი იპოთეკურმა კრიზისმა წალეკა და ბიზნეს-სამყარო ინვესტირების უფრო უსაფრთხო საშუალებას ეძებდა.

მისი შემქნელი სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილი პიროვნება თუ ადამიანთა ჯგუფია, დღემდე ანონიმურად რჩება. სატოში ნაკამოტოს იდენტობის დადგენის ყველა მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელი გამოდგა.

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა არის ელექტრონული ფული, ანუ ვირტუალური ვალუტა, რომელიც ფიზიკურად უბრალოდ არ არსებობს. კროპტოვალუტას აწარმოებს და მიმოქცევაში უშვებს კერძო კომპიუტერების სისტემა ე.წ. ბლოკჩეინები, რომელიც ინგლისური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს „ბლოკების ჯაჭვს“. ჯაჭვი ბლოკჩეინების ტექნოლოგიას ეწოდება, რადგან სისტემაში შემავალმა თითოეულმა კომპიუტერმა იცის, რომელი ბლოკია მის წინ და მის შემდეგ, იყენებს სპეციალურ დაშიფრულ ალგორითმებს და მითითებული ინფორმაცია ინახება სისტემაში შემავალ ყველა კომპიუტერში, ამიტომ ძალიან სანდოა. მაგალითად, თუ ერთმა ადამიანმა მეორეს გადაუგზავნა ბიტკოინი, ანუ შედგა ერთი საფულედან მეორეში გადარიცხვის ტრანზაქცია, ყველა შესაბამისი მონაცემი იწერება და ინახება სისტემის უახლოეს ბლოკში.

ქსელის ყველა მონაწილეს აქვს საკუთარი ვირტუალური პროგრამული საფულე, რომელშიც ინახება მთელი ბლოკჩეინის მონაცემები. ამ ქსელში ფარულად და მალულად ვერაფერს გააკეთებ, ყველა შესრულებული ქმედება და მონაცემი იწერება და სისტემის თოთოეულმა მონაწილემ იცის ყველა განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ. თუმცა ვირტუალური საფულე არ ითხოვს პირად ინფორმაციას, როგორიცაა, მაგალითად პასპორტის მონაცემები და ტრანზაქციის განმახორციელებლის ამოცნობა ხდება მხოლოდ საფულის ნომრით. ამასთან, საფულის შექმნა შეუზღუდავია. ყველა ოპერაცია სრულდება საფულის მეშვეობით.

გასათვალისწინებელია, რომ ბლოკჩეიენის სისტემა არ არის ბიტკოინის სინონიმი, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ, ეს არის ტექნოლოგია და მუშაობის პრინციპი და მისი გამოყენება ხდება ზოგადად მონაცემთა შენახვის თვალსაზრისითაც.

კრიპტოვალუტა – ტრადიციული ფულის ალტერნატივა

ჩვეულებრივი ფულის ერთეულის ფასს განსაზღვრავს სახელმწიფო იმის მიხედვით, რისგან არის დამზადებული ფულის ერთეული. არცთუ დიდი ხნის წინ ფულის ერთეულის ფასი მიბმული იყო ოქროს მარაგზე და შესაბამისად, ფულის ღირებულებაც უფრო ლიმიტირებული და მყარი იყო. თუმცა ამჟამად გავრცელებული პრაქტიკით, სახელმწიფოს, კერძოდ, ცენტრალურ ბანკს, შეუძლია განუსაზღვრელი მოცულობით ფულის დაბეჭდვა, რის გამოც მისი ღირებულება უფრო ადვილად უფასურდება და ფასებიც იზრდება.

სწორედ ამის ალტერნატიულ მექანიზმს ქმნის კრიპტოვალუტა, თუმცა რამდენად დამკვიდრდება კრიტპოვალუტა, როგორც კლასიკური ვალუტა და საგადამხდელო საშუალება, ჯერ კიდევ დავის საგანია. დღეისთვის არსებობს ათასზე მეტი კრიპტოვალუტის სახეობა, თუმცა ისინი ძირითადად პირველი და ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის – ბიტკოინის სახესხვაობებს წარმოადგენენ.

სპეციალისტები ჯერჯერობით ბოლომდე ვერ თანხმდებიან, რა არის კრიპტოვალუტა – საქონელი თუ ვალუტა, რადგან ის ორივე კონცეფციის ელემენტებს მოიცავს, ამიტომ კრიტპოვალუტების ნაწილს აქტივებად თვლიან, ნაწილს იგივე ბიტკოინის ჩათვლით – ვალუტად.

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტებია: ბიტკოინი, ეთერეუმი, რიპლი, ლაითკოინი, დაში, ნეიმკოინი. თუმცა ყველას ჩრდილავს ბიტკოინი 2017 წელს ზრდის რეკორდული ტემპის წყალობით.

კრიტპოვალუტის ბირჟა

კრიპტოვალუტის შეძენა ან გაყიდვა შესაძლებელია სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე ე.წ. ბირჟაზე, სადაც რეგისტრაცია ხშირად შესაძლებელია მხოლოდ სახელით, ელექტრონული ფოსტის მისამართით და პაროლით. ბირჟა გაძლევს პირად „კაბინეტს“ და აქ ხდება საფულედან ფულის გადარიცხვა-მიღება. თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის დროს ანონიმურობა, გარკვეულწილად, შეზღუდულია. თუ მოვაჭრე განსაკუთრებით დიდი თანხებით ვაჭრობს, მაშინ ბირჟის ადმინისტრაცია პირად ინფორმაციასაც ითხოვს და შესაძლოა, პასპორტის ასლის მიწოდებაც გახდეს საჭირო.

კრიპტოვალუტის ხიბლი

კრიპტოვალუტა სრულიად დეცენტრალიზებულია, არავინ კარნახობს მოქმედების წესებს. არცერთი ცენტრალური ბანკი, რომელიც, როგორც წესი, მიმოქცევაში უშვებს ჩვეულებრივ ვალუტებს და ზედამხედველობას უწევს სავალუტო ბაზარს, არ მონაწილეობს კროპტოვალუტასთან დაკავშირებულ პროცესებში და არც არეგულირებს მას. კრიპტოვალუტა ოფიციალურად დაშვებული არ არის არცერთ ქვეყანაში იაპონიის გარდა (რომელმაც 2017 წლის აპრილიდან დაუშვა ბიტკოინი და ეთერეუმი) და მათი შეძენა შეიძლება არა ტრადიციულ რეგულირებად სავალუტო ბირჟებზე, არამედ სპეციალურ ონლაინ ბირჟებზე, რომელთა მოძიებაც მარტივია ნებისმიერი ინტერნეტ-საძიებო სისტემით.

კრიპტოვალუტის კიდევ ერთი ხიბლია ანონიმურობა. მისი წარმოება თუ შეძენა შესაძლებელია სახელის და პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. ამავე დროს ბლოკჩეინის სისტემა უზრუნველყოფს უშუალოდ ტრანზაქციების გამჭვირვალობას, რადგან შენახულია ნებისმიერი მოქმედება.

კრიტპოვალუტის შესაძენად საჭირო საფულის შექმნას სჭირდება დაახლეობით 5 წუთი, მის შენახვასთან და ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები მიზერულია, თანაც საფულეზე ხელი მხოლოდ მის მფლობელს მიუწვდება, მაშინ როცა საბანკო ანგარიშის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ ბანკში, მისი მომსახურება გაცილებით ძვირი ჯდება, ფულადი გადარიცხვების მომსახურებაში კი ბანკი საკმაოდ სოლიდურ პროცენტს აჭრის, განსაკუთრებით, საერთაშორისო გადარიცხვების დროს საკომისიო 5 პროცენტსაც აღწევს. იქ დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბანკისა და შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოებისთვის.
კრიპტოვალუტის მოცულობა შეზღუდულია. მაგალითად, ბიტკოინი მხოლოდ 21 მილიონი ერთეული შეიძლება იწარმოოს, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს გაუფასურების რისკს, თუმცა, მეორე მხრივ, იწვევს ტრადიციული ვალუტების გაუფასურებას. დღეის მდგომაროებით, ერთი ბიტკოინი 13 ათასი დოლარი ღირს და ბიტკოინის ე.წ. მამები თვლიან, რომ შესაძლოა ეს ღირებულება 3 წელიწადში ნახევარ მილიონამდე და მილიონამდეც ავიდეს.

ბიტკოინის რისკები კრიპტოვალუტის რეგულირების მიღმა დგომა მაღალი მოგების პარალელურად მაღალ რისკებსაც ქმნის და მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა რისკს კრიპტოვალუტით სარგებლობის შემთხვევაში საკუთარ თავზე იღებს.

მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მთელი წლის განმავლობაში აფრთხილებდნენ მომხმარებელს, რომ კრიტპოვალუტის და განსაკუთრებით, ბიტკოინის ფასის რყევის მაღალი ამპლიტუდა და არასტაბილურობა სპეკულაციური გარიგებების საფრთხეს ქმნის და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გასკდეს. ზარალის შემთხვევაში კი არცერთი მარეგულირებელი ორგანო პასუხისმგებელი არ იქნება.

ერთი კვირის წინ გამაფრთხილებელი განცხადება საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვირტუალური ვალუტის სამართლებრივი საკითხი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია, არ არსებობს მისი მარეგულირებელი ცენტრალური ორგანო და მასთან დაკავშირებული ფინანსური და სამართლებრივი რისკები მთლიანად მომხმარებელზე გადადის.

ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა/ფსევდო-ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას კრიმინალური საქმიანობისთვის, მათ შორის, ფულის გათეთრებისთვის.

ბიტკოინის ქართული რეალობა

ბიტკოინში ინვესტირების ან ბიტკოინით ფულის გადარიცხვის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვირტუალური ვალუტა არ არის დაშვებული ქვეყანაში, როგორც საგადამხდელო საშუალება და, შესაბამისად, ბანკებს და გადამცვლელ ჯიხურებს არა აქვთ ბიტკოინი სავალუტო კალათაში და არ ანაღდებენ ბიტკოინს ან რომელიმე კრიტპოვალუტის სახეობას.

კრიტპოვალუტის შეძენა შესაძლებელია ან დამოუკიდებლად სპეციალურ ვირტუალურ კროპტოვალუტის ბირჟაზე, რომელსაც ჩვეულებრივ საძიებო სისტემით მოიძიებ, ან ვალუტით მოვაჭრე ე.წ. ტრეიდერების (იგივე საბროკერო კომპანიის) მეშვეობით, რომლებიც უცხოური ვალუტით ვაჭრობის ე.წ. Forex პლატფორმაზე ვაჭრობენ. ტრედერები ცხადია, ფლობენ ინფორმაციას და გარკვეულ ფასს ითხოვს მომსახურებაში.

თუმცა თაღლითობის რისკი ორივე შემთხვევაში არსებობს: საკმაოდ რთულია საძიებო სისტემით ამოგდებული მოცულობითი ინფორმაციის გაფილტვრა დამოუკიდებლად, ხოლო თაღლითობის შემთხვევაში მომხმარებელი ვერ იპოვის პასუხისმგებელს, ამიტომ მომსახურების მიღებამდე მომხმარებელმა კარგად უნდა მოიძიოს, რომელი ბირჟა ან ტრეიდერია მაღალი რეპუტაციის, თუმცა რისკი მაინც არ ნულდება.

საგულისხმოა, რომ Forex -ზე მოვაჭრე ტრეიდერებს ეროვნული ბანკი მოცემულ მომენტში არ არეგულირებს, ამიტომ მათი მომსახურების ხარისხი ან მოგების მარჟა პირადი რისკია. თაღლითობის შემთხვევაში თაღლითის დასჯის და ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა დაბალია. თანაც, ბიტკოინით განხორციელებულ ტრანზაქციის შეცდომის შემთხვევაში თანხას ავტომატურად უკან ვერ დააბრუნებ, როგორც ეს ბანკის ან ფულადი გადარიცხვის ცნობილი საერთაშორისო სისტემების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციის დროს ხდება.

თუ საფულის პაროლი დაგავიწყდათ, მისი აღდგენა შეუძლებელია. კრიპტოვალუტის ფასი ძალიან მაღალი მერყეობით გამოირჩევა, რის გამოც ინვესტირება დიდ რისკთან არის დაკავშირებული და მას ეკონომისტების დიდი ნაწილი სპეკულაციურ ბუშტად თვლის, რომელიც სულ მალე გასკდება.
კრიპტოვალუტის უსაფრთხოების ხარისხი

ფინანსური კრიზისის კვალდაკვალ კრიპტოვალუტა, ფაქტობრივად, უფრო მაღალი უსაფრთხოებისთვის და დაცულობისთვის შეიქმნა, ვიდრე ტრადიციული ფული და აქტივები, თუმცა როგორც რეალობა აჩვენებს, გაკოტრება და ჰაკერული თავდასხმა აქაც დასაშვებია. თანაც, კრიპტოვალუტის ბირჟების გაკოტრების და ანგარიშების გატეხვის შემთხვევებში დაზარალებული ყველაფერს კარგავს სწორედ მარეგულირებელი მექანიზმების არარსებობის გამო. მაგალითად, 2013 წელს ჩინური მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟის გაკოტრების შედეგად ბიტკოინის მფლობელებმა 5 მილიონი დოლარის მოცულობის ბიტკოინი დაკარგეს. 2014 წელს იმ დროისთვის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Mt.Gox გაკოტრდა, 473 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გაქრა, რაც დაახლოებით 750 ათას ბიტკოინს შეადგენდა. შესაბამისად, ბიტკოინის ფასი იმ წელიწადს 1160 დოლარიდან 400 დოლარამდე დავარდა. წელს ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები ბიტკოინის მწარმოებელ კომპანიებზე და გაქრა ჯერ 31 მილიონის, შემდეგ კი 64 მილიონი დოლარის მოცულობის ბიტკოინი.

ბიტკოინის რეგულირება

ბიტკოინის რეკორდული ზრდის გამო, ოფიციალურ სტრუქტურებში უკვე დადგა ბიტკოინის დარეგულირების საკითხი, პირველ რიგში, მისი ანონიმურობით გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მოსახერხებელია კრიმინალური მიზნებისთვის, როგორიცაა: ფულის გათეთრება, გადასახადების თავიდან არიდება, ტერორიზმის დაფინანსება, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა.

ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ფინანსისტმა ლარი ფინკმა ბიტკოინს „ფულის გათეთრების ინდექსიც“ კი უწოდა. მისი აზრით, ბიტკოინის ფასის ზრდა აჩვენებს, რამდენად დიდია მსოფლიოში მოთხოვნა ფულის გათეთრებაზე.

ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები ღელავენ, რომ ბიტკოინის და ზოგადად, კრიპტოვალუტის დამკვიდრება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ცენტრალურ ბანკებს, აწარმოონ ოფიციალური მაკრო-ეკონომიკური სტატისტიკა, თუ როგორ მუშაობს და რას აწარმოებს ეროვნული ეკონომიკა, რაც, თავის მხრივ, პრობლემებს უქმნის მონეტარული პოლიტიკის სწორად განხორციელებას.

ორი კვირის წინ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა დიდი ოცეულის ქვეყნებს მოუწოდა, რომ 2018 წელს პირველივე სამიტზე, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, განიხილონ ბიტკოინის რეგულირების საკითხი.

შეერთებული შტატების დედაქალაქში უკვე შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება კრიპტოვალუტასთან და ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან მიმართებაში.