„ბირთვული ტიტანიკი“ - რუსეთმა საკმაოდ სახიფათო მცურავი ატომური ელექტროსადგური გაუშვა
„ბირთვული ტიტანიკი“ - რუსეთმა საკმაოდ სახიფათო მცურავი ატომური ელექტროსადგური გაუშვა

ხომ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს აღსასრული სრულიად სასაცილო, სულელური მიზეზის გამო დადგეს?

მაგალითად, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური გემზე და არქტიკაში საცურაოდ გავუშვათ?

სამწუხაროდ, ეს უკვე რეალობაა.

28 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის გემთსაშენიდან რუსეთმა გაუშვა „აკადემიკ ლომონოსოვი“ — მსოფლიოში პირველი მოცურავე ატომური ელექტროსადგური.

ამჟამად გემი ბუქსირით მიჰყავთ ქალაქ მურმანსკისკენ, სადაც საწვავით შეავსებენ. დანიშნულების საბოლოო ადგილი ქალაქი პევეკია, რომელიც არქტიკულ წრეში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. The Independent-ის ცნობით, სადგური იქ ენერგიის გამომუშავებას 2019 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.


სახმელეთო ტრანსპორტით ნაწილ-ნაწილ გადატანის ხარჯების თავიდან ასაცილებლად, სადგური ჩრდილოეთში სწორედ გემით მიაქვთ. ამოქმედების შემდეგ, ატომური სადგური ელექტროენერგიით მოამარაგებს ქალაქს, რომელშიც 100 000 ადამიანი ცხოვრობს.

„აკადემიკ ლომონოსოვი“ ენერგიით ასევე უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის მომპოვებელ აღჭურვილობას. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურმა დათბობამ ახალი სანაოსნო გზები გახსნა, რუსეთს ახლა უკვე შეუძლია ნავთობის მოპოვების დაწყება არქტიკის მანამდე მიუდგომელ ადგილებში.

ადგილზე მისვლის შემდეგ, რეაქტორი ჩაანაცვლებს 1974 წელს აშენებულ ბილიბინოს ატომურ ელექტროსადგურსა და 1961 წელს აშენებულ ჩაუნსკაიას ქვანახშირის თბოელექტროსადგურს.

გლობალური დათბობის პირობებში, ბირთვული ენერგია შესაძლოა, გაცილებით სუფთა და უკეთესი გამოსავალი იყოს, ვიდრე ქვანახშირის სადგური, რომელსაც ლომონოსოვი ჩაანაცვლებს, მაგრამ ეს ბიზნესი მაინც უკიდურესად სარისკოა.

ბირთვული წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, გემზე მოთავსებული სადგური შესაძლოა, სრულიად დაუცველი აღმოჩნდეს არქტიკის მძვინვარე ამინდის წინაშე, რაც რისკებს კიდევ უფრო ზრდის. კრიტიკოსებმა ამ პროექტს უკვე უწოდეს „მცურავი ჩერნობილი“ ან „ბირთვული ტიტანიკი“.


„ლომონოსოვი“ რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „როსატომს“ ეკუთვნის. როგორც კომპანია სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, მოცურავე რეაქტორი „შეუვალი“ იქნება ცუნამისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. მათივე თქმით, რეაქტორი სრულად აკმაყოფილებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნებს.

კომპანიის მტკიცებით, „ლომონოსოვი“ გარემოსათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

თუმცა, აქტივისტთა ჯგუფებს, ისევე როგორც ნორვეგიისა და შვედეთის ხელისუფლებებს, რეაქტორის უსაფრთხოობაში ეჭვი ეპარებათ.

იგივე შეიძლება ითქვას ნავთობის მოპოვების ოპერაციებზე, საიდანაც ხშირად ჟონავს ნარჩენები და აზიანებს არქტიკის მგრძნობიარე ეკოსისტემას.

ისღა დაგვრჩენია, ვიმედოვნოთ, რომ მოცურავე ატომური ელექტროსადგური წარმატებით გაართმევს თავს საქმეს და არ შეემთხვევა რაიმე უბედურება, რომელმაც შესაძლოა, დედამიწას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით