ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის შედეგად რეაქტორის დამცავი კონსტრუქცია დაზიანდა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის შედეგად რეაქტორის დამცავი კონსტრუქცია დაზიანდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის შედეგად რეაქტორის დამცავი კონსტრუქცია დაზიანდა.

გროსის ინფორმაციით, ატომური სადგურის ტერიტორიაზე 7 აპრილს დრონი აფეთქდა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნის უპილოტო საფრენი აპარატი.

ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ იერიშის დროს დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და დაზიანება მოხდა ექვსივე ენერგობლოკზე. სააგენტოს განმარტებით, მომხდარის გამო ბირთვული უსაფრთხოება საფრთხის წინაშე არ დამდგარა, თუმცა მსგავს ინციდენტებს შეუძლია, დაარღვიოს რეაქტორის გარსის დამცავი სისტემის მთლიანობა.

„ეს ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სერიოზული ესკალაციაა. ასეთი უგუნური თავდასხმები მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ავარიის საფრთხეს და აუცილებელია, ეს დაუყოვნებლივ შეწყდეს“, – განაცხადა გროსიმ.

მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ნოემბრის შემდეგ არ მომხდარა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ელექტროსადგურს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარ სამმართველოში თავდასხმასთან კიევის კავშირი უარყვეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია და ის რუსეთს აქვს ოკუპირებული. ელექტროსადგურს პერიოდულად ესხმიან თავს, რაშიც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ.