პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა
პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა

პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ კერძო კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe-ს (PEJ) ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნება დართო. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ განაცხადა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლონეთის კლიმატის სამინისტროს გადაწყვეტილებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურში ინვესტიცია შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას, კერძოდ, ენერგეტიკულ პოლიტიკას.

ეს დოკუმენტი უფლებას აძლევს PEJ-ს, მიმართოს სამინისტროს შემდგომი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად, კერძოდ, ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებაზე და შემდგომ სამშენებლო ნებართვებზე.

ვარაუდობენ, რომ პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში, ამერიკული რეაქტორის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი რეაქტორი კი 2033 წელს ამუშავდება.

პოლონეთის კლიმატის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი ინვესტიცია ახორციელებს პოლონეთის ბირთვული ენერგიის განვითარების პროგრამას, რომელიც შეესაბამება პოლონეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას 2040 წლამდე და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მიზნებს.

გასულ წელს პოლონეთმა შეთანხმება დადო სამხრეთ კორეასთან ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე, რათა შეამციროს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე.