ბინა, რომელშიც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლეს, ნაქირავები იყო
ბინა, რომელშიც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლეს, ნაქირავები იყო

ბინა დიღმის მასივში, რომელშიც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ესროლეს, ნაქირავები იყო. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტს გუგეშაშვილების ახლობლებმა განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ბინამდე დედა-შვილმა რამდენიმე სახლი გამოიცვალა, სადაც ასევე, ქირით იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ გუგეშაშვილი ამ დროისთვის უმუშევარი იყო, თუმცა იქამდე ვეტერანთა დახმარების სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილს, ის ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელია.

აფხაზეთის ომის ვეტერანზე, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე, გრიგოლ გუგეშაშვილზე თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა.

გუგეშაშვილების ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.

გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებენ შსს-ში.

ასევე, შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.