ბიძინა კულუმბეგოვი - ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 55 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ გამოიყენონ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვაქცინის შემთვევაში გართულების რისკი ძალიან მინიმალურია, საბჭომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
„ევროპის წამლის სააგენტოს მიერ სავალდებულო გახდა, რომ ეს გვერდითი მოვლენა დაფიქსირებულიყო ოფიციალურად. „ასტრაზენეკას“ კვლევების მიღმა ჰქონდა ამოჩენილი ანაფილაქსია და ალერგია, ახლა დაემატა შესაძლო თრომბოზული რისკის გამოწვევა, რომელიც ერთ-ერთ გვერით მოვლენად დაფიქსირდა. არსებული კვლევებით, ეს არის დაახლოებით 250 ათასი ადამიანიდან ერთ შემთხვევაში. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვაქცინაციის საბჭომ იმსჯელა ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანას არ აქვს სხვა ვაქცინის რესურსი, რაც ძალიან რთული საკითხია, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან.