ბიძინა ივანიშვილი - დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომელზეც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია
ბიძინა ივანიშვილი - დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომელზეც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია

დიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, ქვეყანაზეა ლაპარაკი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს არ აპირებს ხელისუფლების საქმიანობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას, თუმცა ხაზს გაუსვამს გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ მოკლე დროში მიაღწია.

„ვიდრე უშუალოდ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების მიზეზებზე გადავიდოდე, რამდენიმე სიტყვით ჩვენი ერთად განვლილი გზა მინდა მიმოვიხილო. დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე ვრცელი და დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, მით უმეტეს, რომ ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მაგრამ თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და სიამაყითაც კი, ხაზი გავუსვა იმ ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ გამარჯვებებს, რასაც ხელისუფლებამ ისტორიულად ძალზე მოკლე დროში, არასრულ ექვს წელიწადში მიაღწია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

„პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ განიცადა ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.