ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს, ექსპერტს, ვინც გასაგებად ახსნიდა, რომ ევროპას მრავალი კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს, ექსპერტს, ვინც გასაგებად ახსნიდა, რომ ევროპას მრავალი კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა

ჩვენ გლობალური ინფორმირებულობის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სრული საინფორმაციო თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უვიზოდ მოგზაურობენ ევროპისა და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ხედავენ საქართველოსა და იქაური ცხოვრების დონეს შორის დიდ განსხვავებას და ბუნებრივად უჩნდებათ სურვილი, რომ საქართველოშიც ცხოვრების დონე ევროპულის მსგავსი იყოს.

„ისინი, ამავე დროს, უვიზოდ მოგზაურობენ ევროპის და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონეს შორის არსებულ უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული ხშირად 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს, ცხადია, ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და ეს დაუყოვნებლივ ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი შეფასებით, არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთ ცხოვრება სურს, მაგრამ უცნაურია, რომ ქვეყანაში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, რომელიც მოსახლეობას აუხსნის, თუ რა დრო და რისი გადატანა დასჭირდა ევროპას, სანამ ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა. 

„არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს, მაგრამ უცნაური და გაუგებარი ისაა, რომ საქართველოში თითქმის ვერ ვნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა და, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ეკონომიკა წელიწადში ხუთი ან ექვსი კი არა, არამედ ექვსასი პროცენტით გაზარდოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და სამი პრობლემა გამოყო, რომლებიც მისი შეფასებით, არსებულ გამოწვევებს განსაზღვრავენ და ამისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან. „პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს.