არჩილ თალაკვაძე - პარტიის პოლიტსაბჭო ბიძინა ივანიშვილს იმ ამოცანების განხორციელებაში დაეხმარება, რომელზეც მან ისაუბრა
არჩილ თალაკვაძე - პარტიის პოლიტსაბჭო ბიძინა ივანიშვილს იმ ამოცანების განხორციელებაში დაეხმარება, რომელზეც მან ისაუბრა

პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა და ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცება, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო დაეხმარება ბიძინა ივანიშვილს პარტიაში მიმდინარე პროცესებში და იმ ამოცანების განხორციელებაში, რომელზეც მან ისაუბრა.

“მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარება. პარტიის ახალმა თავმჯდომარემ სწრაფ რეფორმებზე გააკეთა აქცენტი და ეს არის მთავარი ამოცანა. პოლიტსაბჭოს ფორმატში მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ მოემზადება „ქართული ოცნება“საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის მომავალი სამუშაო პროცესის საგანი. რაც შეეხება გუნდში არსებულ მცირე გაუგებრობას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა ახსენა, ამ თემებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს გაუგებრობები დეტალურად იყო განხილული პარტიაში და ყრილობის შემდეგ ამ ყველაფერს წერტილი დაესვა”, – განაცხადა თალაკვაძემ.