ბიძინა ივანიშვილი - დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი
ბიძინა ივანიშვილი - დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი

საქართველოში დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია ერთ-ერთი მთავარი სოციალური ინსტიტუტი, ადამიანის თავისუფალი განვითარების ძირითადი საფუძველი – კერძო საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფეხქვეშ გათელილი და განადგურებული იყო, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე, ხელისუფლების მიღწევებზე საუბრისას გააკეთა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში აღარ არსებობს ელიტური კორუფცია და როგორც არასდროს, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, რაც ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველია.

„აღარ არსებობს ელიტური კორუფცია, ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენების მიერ ხელში ჩაგდებული და მონოპოლიზებული სფეროები, სადაც ფეხის შედგმის გაფიქრებაც კი ჩვეულებრივ მეწარმეს მრავალწლიან პატიმრობად და მთელი ქონების დაკარგვად უჯდებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი – ქვეყანაში დოვლათის შექმნისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობისა და რყევების მიუხედავად, საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა.

ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

„ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერობს რეგიონში, ხოლო სავალუტო ფონდის ბოლო განახლებული მონაცემებით, მომავალი ექვსწლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არათუ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორისაც“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.