„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებენ მიღებულ კანონს, ეს ბოიკოტის რეჟიმი კი აბსოლუტურად არ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს არის რაღაც სიველურე და უშედეგო, – განაცხადა პირველი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.
„უშედეგოა იმიტომ, რომ ამ ბოიკოტის ხანგრძლივად გაგრძელების შემდეგ ვიღაც ჩამოვა და როგორც 2022 წელს უთხრეს, ბოიკოტი პროდუქტიული არ არის და პარლამენტში უნდა შეხვიდეთო, ახლაც ისე ეტყვის. პარლამენტს და პოლიტიკურ ცხოვრებას ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან აქვს არჩევნებზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმაცია მოდის დონორი ორგანიზაციებიდან. მათ არ გააჩნიათ ლეგიტიმაციის და ფინანსების სხვა წყარო. ამიტომ, თუ დონორი ორგანიზაციები გადაწყვეტენ, რომ ეს ბოიკოტი, რომელიც ორგანიზაციებმა წინასწარ დააანონსეს, მათთვის, დონორებისთვის მისაღები არ არის, რა თქმა უნდა, მათი ნაბიჯი, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან, არ იქნება ეფექტური და მშვენივრად გაივლიან რეგისტრაციას. მთავარია, როგორ გადაწყვეტს დონორი. მათთვის ესაა მთავარი“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც გერმანიაშია დარეგისტრირებული, როგორც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა იმისი, რომ ევროკავშირმა რეესტრი შემოიღოს.
ამასთან, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ „საერთაშოსიო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ძირითადი მიზანი უნდა იყოს ის, რაც წესდებაში უწერიათ, კორუფციის წინააღმდეგ მოკვლევების გაკეთება, ანგარიშების წერა და ა.შ. მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ შიდა დემოკრატია არ გააჩნიათ.
„საქართველოში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თითქმის 15 წელია, ერთი პიროვნებაა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოქმედებისთვის წარმოუდგენელია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქ ჩამოყალიბებული არიან, როგორც პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დონაციას საზღვარგარეთიდან იღებენ და მათ არანაირი ლეგიტიმაცია თუ პასუხისმგებლობა არ აქვთ საქართველოს მოქალქეების და ამომრჩევლების წინაშე“, – განაცხადა გიორგობიანმა.
გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიების არარსებობა დიდწილად არის განპირობებული არასამთავრობო სექტორის მუშაობით, ვინაიდან ინტელექტუალური და ფინანსური რესურსები მიმართულია სხვა მიმართულებით და არა პოლიტიკური ცხოვრებისკენ, რასაც პარტიული ცხოვრება ჰქვია.
„ამიტომ არ იქმნება ოპოზიციური პარტიები. ყველა, მეტად თუ ნაკლებად ვარგისი ინტელექტუალური კადრი მათ მიჰყავთ თავიანთ საქმიანობაში ჩასართვად“, – განაცხადა გიორგობიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაშიც ვართ და რა ეკონომიკური შესაძლებლობაც გვაქვს, რომლის გათვალისწინებითაც გადაწყვეტილებები გარეთ მიიღება და არა შიგნით, სუვერენიტეტის რა პოტენციალი გვაქვს, ეს მართლა შესაძლებელია თუ ახალ ილუზიას ვსახავთ, დაახლოებით ისეთივეს, რასაც, მაგალითად, 30 წელია, ვაკეთებთ, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა:
„სამწუხაროდ, არის ასეთი აღქმები, რომ იქ, იმ კავშირში თუ შევალთ, მერე დადგება საამური ცხოვრება. როცა სოციალური დაცვის სისტემებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირში, სადაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამოთხე ეგულება, ეს სოციალური ატმოსფერო ისეთი აღარ არის, როგორიც იყო მაშინ, როდესაც იქ იყო იაფი რუსული ენერგეტიკული მატარებლები და იაფი ჩინური საქონელი. ამის ერთობამ, ფაქტობრივად, შექმნა ის კეთილდღეობის სურათი, რომლის ხატებაც აქვს ჩარჩენილი ჩვენს ახალგაზრდებსაც და სხვა ადამიანებსაც, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შორიდან უყურებდნენ ამას და იქ სადღაც, ეგულებოდათ ადგილი, სადაც კარგი ცხოვრებაა, იქ თუ წავლენ. კარგი იქნება, თუ ქართველი პოლიტიკოსებიც გამოიჩნენენ გამბედაობას და უფრო მეტად ეტყვიან სიმართლეს მოსახლეობას, რომ ევროკავშირში შიგნით ძალიან ბევრი პრომლემაა. ის გადაღლილია გაფართოებით და ჩვენ ხვალაც რომ დაგვიძახონ, მოდით, შემოდითო, ვერ შევალთ ევროკავშირში, რადგან სხვა ყველაფერს, ეკონომიკას და ა.შ. თავი რომ დავანებოთ, ელემენტარულად, საზღვრები არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი მისწრაფებები და ქვეყანას უნდა ჰქონდეს კონცეფცია.
„ჩვენ ძველი ცივილიზაციის ერი ვართ. რაც თავი მახსოვს პოლიტიკურ საქმიანობაში, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ძველი ცივილაზაცია მხოლოდ ჩინელებმა გვიწოდეს, ჩვენ ორივე ძველი ცივილიზაციის ერი ვართო. ჩვენი ძველი ცივილიზაციის კუთვნილება სხვამ რომ არ გვითხრას, ჩვენ ხომ ვიცით და უნდა შევქმნათ ჩვენი სუვერენული სურვილი. მერე, რა თქმა უნდა, ამ სუვერენული სურვილიდან გამოვა ჩვენი სუვერენული ეკონომიკაც და შიდა სოციალური ურთიერთობებიც. ჩვენი სუვერენობა არ უნდა იყოს ახალი ილუზია. ჩვენ აბსოლუტურად სუვერენული ვერ ვიქნებით, ისეა გადაჯაჭვული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ჩვენ ვიქნებით რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრთან თანამშრომლობაში“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.